ქართული მხარე მზადაა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს საქართველოს დანარჩენ რეგიონებში გადმოსვლის შემთხვევაში "ღირსეული მომავალი შეუქმნას".
"თუ ის ხალხი, რომელთაც ოკუპირებულ რეგიონებში გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება გვთოვს დახმარებას, ჩვენ მზად ვართ მათ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებზე ღირსეული ცხოვრების და სწავლის პირობები შევუქმნათ", - ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე გალიდან ზუგდიდში რამდენიმე ოჯახის გადასვლის ფაქტს.
ამასთან, კალანდაძის შეფასებით, "ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ბავშვებს ქართულად სწავლის და შეუფერხებლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ იქ ადამიანის უფლებები არ არის დაცული და ვითარება ძალიან მძიმეა".
შეგახსენებთ, რომ გალის რაიონის სკოლების მოსწავლეებს ქართულად სწავლის უფლებას არ აძლევენ, რის გამოც, გავრცელებული ინფორმაციით, 60-მდე ბავშვმა და მათმა მშობლებმა გალის რაიონი დატოვეს და ზუგდიდში გადავიდნენ.