ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" დაემშვიდობა. გამოსამშვიდობებელი ვიდეო ქართველი ფეხბურთელის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
"მოგესალმებით. მიჭირს და რთულია, თუმცა დამშვიდობების დრო მოვიდა. აქ საოცარი პერიოდი გავატარე. ერთად უამრავი მოგონება დავაგროვეთ. ბევრი საოცარი ემოცია განვიცადეთ. ნაპოლი ჩემთვის სახლი იყო, სადაც თითოეული თქვენგანის დამსახურებით თავს საუკეთესოდ ვგრძნობდი. ის გზა, რაც ერთად გავიარეთ, ამ წამსაც თავში მიტრიალებს და ძალიან ემოციურია - პირველი გოლი და განცდები არასდროს დამავიწყდება. ჩემი პირველი ნაბიჯები ამ სტადიონზე, თქვენი გიჟური შეძახილები, ემოციები და მუხტი, რომელიც განსაკუთრებული იყო, როგორც საშინაო, ისე გასვლით შეხვედრებში.
ნაპოლი საფეხბურთო ქალაქია, ნაპოლი ფეხბურთით ცხოვრობს და მიხარია, რომ ამ დიდი ისტორიის ნაწილი მეც გავხდი. აქ ბევრი რამ ვისწავლე, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. გავიზარდე, როგორც ადამიანი და როგორც სპორტსმენი.
ჩემთვის ძალიან საამაყო იყო ამ მაისურის ტარება. მინდა, მადლობა გადავუხადო კლუბის ყველა წევრს, თანაგუნდელებს, მწვრთნელებს და, რაც მთავარია, თქვენ, გულშემატკივრებს. გემშვიდობებით, თუმცა ჩემს გულში მუდამ იქნებით. იმედია, კიდევ შევხვდებით. ვიცი, ჩემი წასვლით გული ძალიან გწყდებათ, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერს მოგიყვებით. მინდა, წარმატებები გისრულოთ ამ ქალაქს, ამ ხალხს ჩემპიონობა და სკუდეტო მოუტანოთ.
ამ სტადიონზე დღეს, ალბათ, როგორც ნაპოლის ფეხბურთელმა ბოლოჯერ შემოვაბიჯე. წასვლამდე ამის გაკეთება ძალიან მინდოდა. ეს ადგილი, ფანების თითოეული შეძახილი უკვე მოგონებად გადამექცა და მათ ხშირად გავიხსენებ ხოლმე.
აქ მოვედი, როგორც პატარა ბიჭი, რომელსაც ბევრი არ იცნობდა და ახლა ვტოვებ, როგორც კაცი, რომელსაც თან მიაქვს უამრავი ადამიანის სიყვარული, ბევრი გამარჯვება და, რაც ყველაზე მთავარია, ის ნანატრი სკუდეტო, რომლის სურვლითაც ეს ქალაქი ბევრი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. დღეს აქ ჩემი ცხოვრების ორ მთავარ ადამიანთან ერთად მოვედი. ნიცა, რომელიც მუდამ ჩემს გვერდშია და ყველა მნიშვნელოვან მომენტს ჩემთან ერთად იზიარებდა და ჩვენი დამიანე, რომელიც დღეს სტადიონზე პირველადაა. როცა წლები გავა და გაიზრდება, მინდა ეს ვიდეო ნახოს და ამით იამაყოს.
წასვლის წინ აქ მოსვლა ყველაზე მეტად მინდოდა, ეს განსაკუთრებული ადგილია. აქ ყველაზე მეტად იგრძნობა, რას ნიშნავს ამ ქალაქისთვის დიეგო. აქ ის ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვართ. დიეგო თითოეული ნეაპოლელისთვის ახლაც ცოცხალია. დიეგო ფეხბურთის ღმერთია და ეს ყველა მძაფრად ამ ქალაქში იგრძნობა. ახლა აქ ყოფნა განსაკუთრებით ემოციურია. გულშემატკივრებთან, გუნდთან და ქალაქთან ერთად, დიეგოსთანაც მიწევს დამშვიდობება.
ნახვამდის დიეგო, ნახვამდის ნაპოლი!
ნეაპოლში თავიდან მარტო ჩამოვედი, ახლა სამნი ვართ. ჩემი აზრით, ნეაპოლელები ქართველებს ძალიან გვანან, ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ ერთმანეთთან. ალბათ, ეს ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რატომ მივეჩვიე აქაურობას ასე იოლად და შევიყვარე".
ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენში გადადის.