ანტიმართლმადიდებლური და ანტიეროვნული პოლიტიკის გასატარებლად ხელისუფლებამ და "თავისუფლების ინსტიტუტმა" ერთგვარად გადაინაწილეს ფუნქციები. ამის შესახებ "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, მიზანმიმართული პოლიტიკით ცდილობს ქართული ცნობიერებისა და ფასეულობების განადგურება-გადაფასებას, ცხადზე ცხადია. ასევე ცხადია მისი ფარისევლური დამოკიდებულება მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრებისა და ერის სულიერი წინამძღოლის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მიმართ," - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, საპატრიარქოს ღიად დისკრედიტაციას ემსახურებოდა ხელისუფლების მცდელობა, გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების გათავისუფლება დაებრალებინათ საპატრიარქოსთვის, დაბრალება რუსული ინტერესებისა და სპეც.სამსახურების ლობირებისა და ახლა "თავისუფლების ინსტიტუტის" ღია გალაშქრება პატრიარქის წინააღმდეგ.
"ყველაზე უკეთ მიხეილ სააკაშვილმა იცის, რომ არა უწმინდესის სასულიერო და სამოქალაქო აქტივობა, რომ არა მისი სიბრძნე და გონიერება, რომ არა უწმინდესის მოძღვრება და მოწოდება მშვიდობისა და ერთიანობისკენ, საქართველო სისხლისღვრას, ხოლო თავად პრეზიდენტი - ხალხისაგან ჩაქოლვას ვერ ასცდებოდა," - განაცხადა ბესელიამ.
ბესელიას თქმით, პრეზიდენტს თვითგადარჩენის ინსტიქტი "აიძულებს", ღიად არ დაუპირისპირდეს საპატრიარქოსა და ერის სულიერ წინამძღოლს, მაგრამ მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მიმართული შავ-ბნელი ზრახვები კონკრეტულ პიროვნებებსა და სახელისუფლებო პოლიტიკას დაქვემდებარებულ, ეგრეთწოდებულ არასამთავრობო ორგანიზაციას - "თავისუფლების ინსტიტუტს" გაახმოვანებინოს.
პოლიტიკური გაერთიანება "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" წევრების განცხადებით, პარტია ურყევად დგას საქართველოს საპატრიარქოსა და პატრიარქის გვერდით და ითხოვს, ხელისუფლებისა და "თავისუფლების ინსტიტუტის" ბრძოლის შეწყვეტას მართლმადიდებლური ეკლესიისა და ერის სულიერი მამის მიმართ.