ინგა გრიგოლიას გვირაბი ლონდონიდან საქართველოს პარლამენტამდე
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, რომელმაც შემოდგომაზე დაწყებული რეორგანიზაციის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებელი არცთუ უხმაუროდ დატოვა, სამი თვეა ლონდონში ცხოვრობს და ინგლისური ენის ინტენსიურ კურსებზე დადის. როგორც იტყვიან, სწავლა სიბერემდეო, მით უმეტეს, როცა ამბიციები გაქვს და ახალი მწვერვალების დასაპყრობად ემზადები. საახალწლოდ ჟურნალისტი მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და ყოფილ კოლეგასთან და მეგობართან, გიორგი თარგამაძესთან არასატელევიზიო კონსულტაციებიც გამართა...
თუმცა რა გასაკვირია. მათ "იმედის" დრამატული წარსული, პირადი მეგობრობა და ბადრი პატარკაციშვილის სახელი ჯერ კიდევ მყარად აკავშირებთ. ეს უკანასკნელი კომანდორის აჩრდილივით ყოველთვის გამოჩნდება, ვიდრე "იმედის~ გაპოლიტიკისებული ჟურნალისტების გუნდი იარსებებს. ოპერის ბოლო აქტში, ანუ 2013 წელს, კომანდორის აჩრდილი ხელისუფლებამ შესაძლოა მორიგ ლირიკულ საფრთხობელადაც აქციოს. თუმცა მანამდე ძალიან შორია და მჩხიბავობა _ უნაყოფო. გაზაფხულზე კი არჩევნებია, სადაც გარკვეული რაოდენობის ხმების მოპოვება ქრისტიან-დემოკრატებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.
ქართული სატელევიზიო ეთერის გუშინდელი "მატა ჰარი" _ ინგა გრიგოლია, ელექტორატისათვის ჯერ-ჯერობით მისაღებია და ოპოზიციურად განწყობილი ხმების მოსაპოვებლად თარგამაძეს ნამდვილად დასჭირდება. თავად გრიგოლია იმდენს ნამდვილად ხვდება, რომ პოლიტიზირებულ ტელევიზიებში მისი სივრცე და ადგილი აღარ დარჩა ("რუსთავი-2" -ზე "შავი კატა" _ მაია ასათიანი, "იმედზე" "თეთრი კატა" _ ნანუკა ჟორჟოლიანი და საზოგადოებრივ მაუწყებელზე "ვარდისფერი სამოთხის დიასახლისი" _ ნინო ქაჯაია). შესაბამისად, მომავალზე და კარიერაზე ზრუნვა ახლავეა საჭირო.
საინტერესოა, მაინც რა ფორმით მიმდინარეობდა თარგამაძესთან კონსულტაცია? მაგალითად, გრიგოლია პრინციპულად და ვნებათაღელვით უმტკიცებდა თარგამაძეს მეოთხე (პრესა!) ვიყავი და მეოთხედ აღარ მინდა დავრჩეო, თუ მთავარი ქრისტიან-დემოკრატი შთააგონებდა _ ახლა შენი დროა, დიდ ხანს გელოდით და მეორე (ანუ საკანონმდებლო) გახდიო. ან იქნებ, ეს შორს მიმავალი გეგმებია _ ცნობილი ჟურნალისტები ქრისტიან-დემოკრატიულ ოპოზიციაში ჩაეწერებიან, რათა შემდეგ უკვე შიგნიდან, ერთობლივად და შთაგონებულად გამოუთხარონ ძირი პოლიტიკურ რეჟიმს!
თუ ფანტაზიას შევეშვებით, რეალურად აღმოვაჩენთ, რომ თბილისში რამდენიმე დღით დაბრუნებული და ფორმაში მყოფი ინგა გრიგოლია დემონსტრაციულად შეხვდა სწორედ ბეჭდურ მედიას და არ გამოჩენილა ტელეეკრანზე. მისი განცხადება, რომ აპრილის შემდეგ ეთერში ვეღარ დაბრუნება და სრულიად სერიოზულად ფიქრობს პოლიტიკაზე, მრავლისმეტყველია, თუმცა ეს ფაქტი არც ანეგდოტურობასაა მოკლებული და არც ირონიას.
2008 წელს საპარლამენტო არჩევნებისას, სახელდახელოდ "შეთხზულ" ქრიტიან-დემოკრატთა რაზმი რომ ძირითადად "იმედის" ჟურნალისტებით იყო დაკომპლექტებული, ეს გრიგოლიასათვის მხოლოდ დამატებითი სტიმულია. თუ მაგდა ანიკაშვილს შეუძლია მეძუძურ დედებსა და სოციალურად დაუცველ ექს-პროლეტარიატზე დრამატული თანაგანცდით ისაუბროს, რატომ არ შეუძლია იგივე გზა გაცილებით ეფექტურად ინგა გრიგოლიამაც გაიაროს?! მით უმეტეს, როცა ჯერ კიდევ ამდენ ხალხს უყვარხარ და იცის რომელ სალონში ან სოლარიუმში დადიხარ...
თუმცა, ვიდრე თავად ჟურნალისტი გადაწყვეტს პოლიტიკოსი გახდეს თუ არა, მოქმედი პოლიტოკოსები ირონიული კომენტარებით შემოიფარგლებიან. ეკა ხერხეულიძე მასში წარუმატებელ ოპონენტს ხედავს. მამუკა კაციტაძე აღნიშნავს, რომ კარგი ჟურნალისტი კარგ პოლიტიკოსს არ ნიშნავს. "ასეთი ნაბიჯით ის მხოლოდ საკუთრ იმიჯს დააზარალებს" - ეს უკვე კოლეგების შეფასებაა. რაც არ უნდა მოიმოქმედოს ინგა გრიგოლიამ, მისი ნაბიჯი ბევრად უფრო მკაცრად შეფასდება, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკოსის შეცდომა; რადგან ჟურნალისტობა თავისუფალ ნებას და არჩევანს ნიშნავს, პოლიტიკოსობა - მხოლოდ მიზანშეწონილობას; დავიჯეროთ გრიგოლიასაც მხოლოდ ყოველდღიური და ზედაპირული პოპულარობა სჭირდება? ან ყოველ დღე კანონმდებლობაზე საუბარი, კამერების თანდასწრებით?! ეს ხომ მისი კარიერის დასარული აღმოჩნდება.
მაგრამ ედემში დაბრუნება არც ისე იოლია. "პირველები~ უკვე ბოლოში არიან, "რე-აქცია" ნამდვილ რეაქციაში გადაიზარდა, "პრაიმ-ტაიმი" კატისებრთა ოჯახის სხვა წარმომადგენლება დაიკავეს, ხოლო "პოლიტიკური კვირა" კარგა ხანია საპრეზიდენტო უიკენდად გადაკეთდა.
„ჯი-ეიჩ-ენი", დავით ბუხრიკიძე