აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2009 წელს რეგიონში 1641 ტონა ყურძნის მოსავალი მოვიდა, რაც პროგნოზზე 7 %ით მეტია. ხოლო ხილის წარმოებამ აჭარაში 14 264 ტონის ნაცვლად 10146 ტონა ანუ პროგნოზის 71 % შეადგინა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ხილის დაბალი მოსავალი გაზაფხულის ინვერსიული წაყინვების მკვეთრმა ცვალებადობამ გამოიწვია, რის შედეგადაც ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის დაბლობ ზონებში კურკოვანისა და განსაკუთრებით თესლოვანი ხილის მოსავალი ძალზე უმნიშვნელო იყო.
"შედარებით უკეთესი მდგომარეობაა სუბტროპიკული ხილის წარმოების საქმეში: სუბტროპიკული ხურმა პროგნოზით გათვალისწინებული 2285 ტონის ნაცვლად წარმოებულია 2557 ტონა, მათ შორის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ რეალიზებულია 2000 ტონა. პირველად 2009 წელს აჭარიდან, ექსპორტიორი ფირმების მიერ საზღვარგარეთ გადატვირთული იქნა 5 000 ტონაზე მეტი სუბტროპიკული ხურმა, მათ შორის: უკრაინაში 4046 ტონა, სომხეთში 609 ტონა, ბელორუსიაში 276 ტონა და მოლდოვაში 69 ტონა. მშრალი სუბტროპიკული კულტურებიდან რეგიონში წარმოებულია 1450 ტონა თხილი. სეზონის დასაწყისში 1 კგ თხილის შესასყიდი ფასი 1.2 ლარს შეადგენდა, ხოლო სეზონის მიწურულს ქობულეთის თხილის შემსყიდველ პუნქტებში თხილის ფასმა 3 ლარს მიაღწია. პირველად ავტონომიურ რესპუბლიკაში მნიშვნელოვანი მოცულობით (125 ტონა) წარმოებული იქნა ახალი სუბტროპიკული ხილი კივი", _ განუცხადეს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში.