"რომპეტროლ საქართველოს" ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. ალექსანდრე ალბინი მისმა წინამორბედმა, დან ვოიკუმ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მედიას დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე წარუდგინა, სადაც 18-თვიანი ხელმძღვანელობის შედეგები შეაჯამა.
"რომპეტროლის" ჯგუფის მენეჯმენტში საკადრო გადაადგილებები კომპანიის მფლობელის შეცვლას უკავშირდება. 2007 წლის აგვისტოში რუმინული კომპანიის აქციათა 75% ყაზმუნაიგაზმა" შეიძინა, ხოლო მიმდინარე წლის ივნისში დანარჩენი 25%-ის მფლობელი გახდა. ახალ გენერალურ დირექტორს ალექსანდრე ალბინს ნავთობისა და გაზის ბიზნესში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ხოლო ორი წლის განმავლობაში იგი ბუქარესტში "რომპეტროლის" სათაო ოფისში მუშაობდა.
დან ვოიკუ საქართველოში "რომპეტროლს" 18 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და შედეგებით კმაყოფილია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბიზნეს სტრატეგიის ფარგლებში კომპანიის ბენზინგასამართი სადგურების ქსელი ორჯერ გაიზარდა და 50-ს მიაღწია.
"ეს იყო პერიოდი, როდესაც ჩვენი სტრატეგია საცალო გაყიდვების ზრდაზე იყო ორიენტირებული. ინტენსიურმა მუშაობამ ძალზედ კარგი შედეგები მოგვიტანა _ საცალო გაყიდვებმა რეკორდულ მაჩვენებელს, 900%-იან ზრდას მიაღწია, ხოლო კორპორატიული კლიენტების რიცხვმა 10-ჯერ იმატა", _ განაცხადა დან ვოიკუმ.
მისივე ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რომპეტროლ საქართველოს წილმა ქართულ ბაზარზე 9-იდან 20%-ს მიაღწია, ხოლო მომავალ წელს კომპანია წილის 25%-მდე ზრდას ვარაუდობს.
ალექსანდრე ალბინის განცხადებით, რომპეტროლის კომპანიაში რომპეტროლ საქართველო ლიდერობს, რაც ძველი მენეჯმენტის დამსახურებაა და ახალი მენეჯმენტი განვიტარების კურსს შეინარჩუნებს.
გასულ წელს "რომპეტროლ საქართველომ" ქვეყნის ბიუჯეტში 40 მილიონი ლარი შეიტანა, ხოლო წელს 9 თვეში გადარიცხულმა თანხამ 50 მილიონი ლარი შეადგინა. საქართველოს ბაზარზე ბოლო 4 წლის განმავლობაში "რომპეტროლმა" 16 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, აქრდან 50% დან ვოიკუს მმართველობის პერიოდში დაიხარჯა.