კახა კალაძე მზადაა საჭიროების შემთხვევაში ჩაფრინდეს იტალიაში და მოწმის სტატუსით ჩვენება მისცეს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, "ჯენოას" ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ განაცხადა, იგი მთელი ცხოვრება გაყიდული თამაშების წინააღმდეგი იყო.
",იტალიურ ფეხბურთში აგორებულ სკანდალათან დაკავშირებით როგორც შევიტყვე ათეულობით ადამიანია დაკითხული. თუმცა იტალიურ პრესაში ამ ბრალეულობაზე ვერაფერი წავიკითხე. შესაძლოა დამიბარონ დაკითხვაზე მოწმის სტატუსით, ან შესაძლოა არ დამიბარონ. ამჟამად არანაირი ურთიერთობა, ან წერილი იტალიის პოლიციისგან არ მომსვლია. კიდევ ვიმეორებ, შესაძლოა, არ დამიძახონ და თუ დამიძახეს მზად ვარ, ამ შეხვედრისთვისაც. თუ ვინმეს უნდა ამ ამბავს კუდი მოაბას და ბუზი სპილოდ აქციოს, ეს უკვე მისი საქმეა",_ განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან და აღნიშნა, რომ იგი ჩაწყობილი თამაშების წინააღმდეგია.
,,მთელი ცხოვრება ჩაწყობილ თამაშებს ვებრძვი და ჩემთვის ეს სიტუაცია სასაცილოა და არასერიოზულად მიმაჩნია, ეს ყველაფერი",- განაცხადა კახი კალაძემ
მან მასმედიის წარმომადგენლებს მოუწოდა თავი შეიკავონ წინასწარ მცდარი დასკვნების გამოტანისგან.
"მასმედიის გარკვეულ საშუალებებს მოვუწოდებ, წინასწარ მცდარ დასკვნებს ნუ გააკეთებენ და ხელოვნურად ნუ მოახდენენ სიტუაციის დრამატიზებას".
კალაძის განცხადებით, იტალიელი სამართალდამცავების დაინტერესება მასსა და მის ყოფილ თანაგუნდელის მეგობართან სატელეფონო საუბარში გამოიწვია სიტყვა კარებმა, რომელიც კალაძის განცხადებით, მას ქობულეთის სასტუმროსთვის სჭირდებოდა.
"სატელეფონო საუბარი, რაც გამოქვეყნდა ჩემსა და ყოფილ თანაგუნდელის, მეგობარს შორის ეხებოდა კარებებსა და მარმარილოს, რომელიც დამზადებული უკვე ჰქონდა იმ ადამიანს და ეს კარებები მინდოდა ქობულეთის სასტუმროსთვის გამომეყენებინა, მინდოდა მეყიდა, მაგრამ ეს გარიგება არ მოხდა. ვფიქრობ, იტალიელი სამართალდამცავების დაინტერესება გამოიწვია სიტყვა კარებმა და ჩათვალეს, რომ რაღაც კოდირებულ საუბართან ჰქონდათ საქმე, თუმცა ეს ასე არ არის",_ განაცხადა კალაძემ.
27 მაისს იტალიურმა პოლიციამ 19 ადამიანი დააკავა, რომლებიც ჩაწყობილი მატჩების საქმეში არიან ეჭვმიტანილნი. მათ შორისაა რომის "ლაციოს" კაპიტანი სტეფანო მაური.
სამართალდამცველების აზრით, "ჯენოასა" და რომის "ლაციოს" შორის მატჩი უცნაური იყო, რადგან შეხვედრა მოსალოდნელი ანგარიშით დასრულდა, ხოლო გარკვეული ადამიანების რიცხვმა ამაზე დიდი ფულიც გააკეთა. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "ჯენოას" აწ უკვე ყოფილ ფეხბურთელებს დომენიკო კრიშიტოსა და კახა კალაძეს ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით ახლო მომავალში დაკითხავენ.