საქართველოსა და თურქეთის საფეხბურთო ნაკრებთა მატჩის (1:3) შემდეგ ქართულ მედიაში გამოქვეყნებულ რამდენიმე პუბლიკაციასთან დაკავშირებით, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ სფფ-ის საიტისთვის ოფიციალური კომენტარი გააკეთა:
"საქართველოს ეროვნული ნაკრები მთელი ქვეყნის საკუთრებაა. გუნდში გამოძახებული თითოეული მოთამაშის მიზანი კონკრეტულ შეხვედრაში შედეგის მიღწევა უნდა იყოს. ნაკრების მატჩებში და კონკრეტულად თურქეთთან შეხვედრაში მოედანზე გავიდა ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც შეხვედრას ოპტიმალურ ფორმაში შეხვდა. ჩვენ გუნდში რამდენჯერმე გამოვიძახეთ ის ფეხბურთელები, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეროვნულ გუნდში სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ხვდებოდნენ. მათი არასასურველი ფორმის მიუხედავად, ამ ფეხბურთელებს ჰქონდათ შესაძლებლობა გუნდთან ერთად ყოფილიყვნენ შეკრებაზე, რადგან მათ სამომავლოდ ნაკრებში დაბრუნების პერსპექტივა და მოტივაცია არ დაეკარგათ.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იქნებიან მხოლოდ ის ფეხბურთელები, რომლებიც ქვეყნის გამარჯვებაზე იფიქრებენ და არა საკუთარ თავზე. თითოეული ფეხბურთელი ვალდებულია ზრუნავდეს ნაკრების წარმატებაზე. ისინი არ უნდა აყენებდნენ საკუთარ თავს ნაკრების ინტერესებზე წინ", - ნათქვამია თემურ ქეცბაიას განცხადებაში, რომელიც სფფ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
განმარტებისთვის, ერთ-ერთი ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში, ამჟამად უკლუბოდ მყოფმა ლევან ყენიამ განაცხადა, რომ ავსტრიაში მისი თამაშის სანახავად რამდენიმე უცხოური კლუბის აგენტი იყო. თემურ ქეცბაიას, რომელმაც ნახევარმცველი ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დატოვა, ის რომ ბოლო 15-20 წუთი მაინც შეეყვანა თურქებთან სათამაშოდ, შეეძლო მისი საკლუბო კარიერისთვის კარგი სამსახური გაეწია.