გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამმართველის სამხედრო ქალაქი გაიხსნა. აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო ქალაქი 2 ჰა-ზე მეტ ფართობზეა განლაგებული. სეპარატისტები ასევე სამხედრო ქალაქს - ავტონომიურ სასაზღვრო კომპლექსს "ენგურს" უწოდებენ და ასევე აღნიშნავენ, რომ ეს კომპლექსი სახელმწიფო საზღვრის დაცვის თანამედროვე მოთხოვნებს აკმაყოფილებს. აქვეა საკითარი ელექტრო და წაყალმომარაგება.
კომპლექსის მშენებლობაში 300 ადამიანი მონაწილეობდა და იგი 9 თვის განმავლობაში შენდებოდა.
კომლექსის გახსნაზე რუსეთის ე.წ. ელჩმა აფხაზეთში განაცხადა: "ჩვენ საერთო მეგობრები და საერთო მტრები გვყავს და უსაფრთხოების საერთო საკითხები გაქვს. ამ ურთიერთქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კი საზღვრის დაცვაა, რომელსაც რუსი მესაზღვრეები თავიანთ აფხაზ კოლეგებთან ერთად წარმატებით ახორციელებენ", _ განაცხადა გრიგორიევმა.
სამხედრო კომპლექსი ბიჭვინთისა და სოხუმის ე.წ. ეპარქიის ე.წ. მმართველმა ბესარიონ აპლიამ აკურთხა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის "სპეცსტროი" მიმდინარე 2012 წელს აფხაზეთის გარდა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ექსპლუატაციისთვის ერთ სამხედრო ქალაქს კიდევ ჩააბარებს. სპეციალური მშენებლობის ფედერალური სააგენტოს დირექტორის გრიგორი ნაგიისკის თქმით, ამ სამხედრო ქალაქების ახალმოსახლეები რუსული ბაზის სამხედრო მოსამსახურეები იქნებიან. ეს თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა იქნება. ამისი ანალოგი ჯერჯერობით რუსეთის ტერიტორიაზე არ არის. მათში 3-იდან 4 ათას სამხედრო მოსამსახურემდე იცხოვრებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს, რიგით მე-11 სამხედრო ქალაქი რუსეთმა გაგრის რაიონის ცანდრიფშის დასახლებაში გახსნა. აფხაზეთში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" სამხედრო ქალაქები გახსნილი აქვს - გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში, გალის რაიონის სოფელ ფიჩორში, ტყვარჩელის რაიონის სოფელ ოქუმში, ასევე სოხუმთან ახლოს, ახალ ათონში. გაგრის რაიონის ცანდრიფშის დასახლებაში. სულ სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთი კიდევ რამდენიმე ასეთი ქალაქის აშენებას გეგმავს.
რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, იქ შვიდი სამხედრო ქალაქია გახსნილი. ბოლოს სამხედრო ქალაქები ზნაურის რაიონის სოფლებში, ვახტანასა და ბალთაში გაიხსნა.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის რეგიონში პირველი სამხედრო ქალაქი 2010 წლის 30 ივლისს ცხინვალში მეოთხე რუსული საოკუპაციო ბაზის ტერიტორიაზე გაიხსნა. მეორე და მესამე სამხედრო ქალაქები 2010 წლის 14 დეკემბერს მუგუთისა და ზივლეთის დასახლებულ პუნქტებში, ხოლო მეოთხე სამხედრო ქალაქი - 2011 წლის 5 მარტს ზნაურის რაიონში გაიხსნა. მეხუთე სამხედრო ქალაქი 2011 წლის სოფელ გრომში გაიხსნა.