საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ავსტრიულ შეკრებაზე, დაბა ფლახაუში იმყოფება, თურქეთთან მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. ნაკრების თავკაცის გადაწყვეტილებით, გუნდი სავარჯიშოდ ზალცბურგში აღარ წავიდა.
24 მაისის ამხანაგური მატჩის შემდეგ, „ჯვაროსანთა" შეკრება დასრულდება. ავსტრიაში წარგზავნილი სფფ-ს წარმომადგენელი თემურ ქეცბაიას შეკრების განვლილ ეტაპზე ესაუბრა.
- გუნდი 16 მაისიდან ავსტრიაში გადის საწვრთნელ შეკრებას. რამდენად კმაყოფილი ხართ ავსტრიული შეკრებით და რამდენად მოხერხდა ყველა ფეხბურთელის გამოცდა, ვისი გამოძახებაც გსურდათ?
- შეკრებამ კარგად ჩაიარა. 2010 წლის შემდეგ, პირველად მოხერხდა, რომ ფეხბურთელები ამდენი ხნით გამოვიძახეთ. სასურველი იქნებოდა, უფრო მეტი თამაში ჩაგვეტარებინა, თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენზე არ იყო დამოკიდებული.
თურქეთთან ურთულესი თამაში იქნება. მათ ძალიან საინტერესო ფეხბურთელები ჰყავთ გამოძახებული. ჩვენი ბიჭები სერიოზულად ემზადებიან და დარწმუნებული ვარ, კარგი თამაში იქნება.
- საქართველოს ნაკრები თურქეთს მეხუთედ ხვდება; თქვენი ხელმძღვანელობით კი - პირველად. რა იქნება გადამწყვეტი ამ შეხვედრაში?
- სეზონის ბოლოა და ალბათ, მოიგებს ის გუნდი, ვინც უფრო მოტივირებული იქნება. გასაგებია, ფეხბურთელებმა სეზონი დაამთავრეს და რთულია კიდევ ათდღიანი შეკრების გავლა, მაგრამ ეს ნაკრებია და საქმეს ყველა სერიოზულად მიუდგა. ძალიან კარგი შეკრება იყო და იმედი მაქვს, ეს ყველაფერი შედეგზეც აისახება.
- რამდენიმე ფეხბურთელი გუნდში პირველად მოიწვიეთ. რამდენად კმაყოფილი ხართ მათი მზადებით?
- ახალგაზრდები წინა შეკრებაზეც გვყავდა. თუმცა, იმასთან შედარებით, უკეთეს ფორმაში და კიდევ უფრო მონდომებულები არიან. ნაკრებში მოხვედრა ადვილი არ არის. მათ მიეცათ შანსი, ამას იყენებენ და კმაყოფილიც ვარ მათი მონდომებით.
ვხედავ, რომ ისინი ყოველდღიურად ვითარდებიან. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, რადგან სამომავლოდ უფრო მეტი არჩევანი გვექნება. ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდების რესურსი ბოლომდე გამოვიყენოთ და საერთოდ, ყველა იმ ფეხბურთელის, ვინც ნაკრებში ხვდება. დანარჩენს, ეს ბიჭები თურქეთთან დაამტკიცებენ.
- რამდენად რეალურია მათი გამოჩენა თურქეთთან შეხვედრაში?
- შეკრებაზე 22 ფეხბურთელია და ჩვენი მოლაპარაკების საფუძველზე, 6 შეცვლა გვექნება. თამაშის მსვლელობის მიხედვით გადავწყვეტ მოედანზე მათი შესვლის საკითხს. დარწმუნებული ვარ, ვინც შეცვლაზე შევა, ყველა საუკეთესო თამაშს აჩვენებს
- წელს, საქართველოს ნაკრები მეორე ამხანაგურ შეხვედრას ატარებს. არის თუ არა თურქეთი მათ შორის ყველაზე ძლიერი, ვისაც ამხანაგურ მატჩებში შეხვდით და როგორ გააგრძელებს გუნდი 2014 წლის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას?
- ოფიციალურ თამაშებში ჩვენ ძალიან ძლიერ გუნდებს შევხვდით; ასევე, ამხანაგურ შეხვედრებშიც. პოლონეთი და სლოვენია თურქეთზე ნაკლები გუნდები ნამდვილად არ არიან.
თურქეთთან თამაშის შემდეგ, ფეხბურთელები დაისვენებენ. შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე, ერთ ამხანაგურ შეხვედრას 15 აგვისტოს, ლუქსემბურგში, ადგილობრივ ნაკრებთან ჩავატარებთ. სწორედ, იმ თამაშში გამოჩნდება ის ძირითადი შემადგენლობა, რომელიც უკვე ოფიციალურ შეხვედრებში დაიცავს ნაკრების ღირსებას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და თურქეთის ამხანაგური მატჩი ზალცბურგის „რედ ბულ არენაზე" 24 მაისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და ქართველ გულშემატკივარს საშუალება მიეცემა ეს დაპირისპირება საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის საშუალებით პირდაპირ ეთერში იხილოს.
მატჩს ავსტრიელი არბიტრი მარკუს ჰამატერი მოემსახურება.
მასალის გამოყენების პირობები