თბილისი.14.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ჯაფარიძის მაცხოვრებლების ქონების განადგურების ფაქტზე, სიღნაღის რაიონულმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინტორმაციო ცენტრიდან აცნობეს, სოფელ ჯაფარიძეში მცხოვრებ 16 ოჯახს მსხვილფეხა პირუტყვი მას შემდეგ დაეხოცა, რაც ადგილობრივებმა ქალაქ დედოფლისწყაროს გამგებლის ლევან ნატროშვილის მამას, ილია ნატროშვილს, სოფლის სასმელი წყლის სარწყავად გამოყენება აუკრძალეს.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ილია ნატროშვილი სოფელ ჯაფარიძის სასმელი წყლით უკანონოდ სარგებლობდა და მას სარწყავად იყენებდა, რის გამოც სოფელი სასმელი წყლის გარეშე რჩებოდა. ამიტომაც ჯაფარიძის მაცხოვრებლებმა სასმელი წყლის მილი გადაჭრეს და ნატროშვილი წყლის გარეშე დატოვეს. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ამით განაწყენებულმა ნატროშვილმა საკუთარი ნაკვეთის სიახლოვეს, სადაც ჯაფარიძელები საქონელს მწყემსავდნენ, შხამი დაყარა და პირუტყვი დახოცა.
დედოფლისწყაროს მთავარი ვეტერინარის დავით ვეშაგურიძის გადაწყვეტილებით, საქონლის ხორცი განადგურდა.
ქალაქ დედიფლისწყაროს გამგებლის მამა ილია ნატროშვილი ჯაფარიძელების ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, მათ ნაკვეთი არ შეუწამლიათ.
საქონლის დახოცვის მიზეზების დასადგენად სიღნაღის პროკურატურამ ექსპერტიზა დანიშნა. პროკურორის დავით დუღაშვილის განცხადებით, გამოძიება ანალიზის პასუხებს ელოდება. `ამის შემდეგ გადაწყდება გავაგრძელოთ გამოძიება და ვინმე პასუხისგებაში მივცეთ, თუ დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო გამოძიება შევწყვიტოთ~, - განაცხადა პროკურორმა.