რებუსით მოცული სიტუაცია, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, საქმისადმი მისი ზერელე დამოკიდებულებით შექმნა, უეფასთვისაც ჩიხური აღმოჩნდა. გუშინ დასრულებული ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო ტურის შემდეგ, ფედერაციამ ჩემპიონის გამოსაცხადებლად დაახლოებით ერთდღიანი პაუზა ითხოვა. ამ არცთუ იოლი გადაწყვეტილების მისაღებად, დომენტი სიჭინავამ 21 მაისის 12 საათისთვის აღმასკომის საგანგებო სხდომა დანიშნა.
ბოლო ტურში ჩემპიონობისთვის მოქიშპე ორივე გუნდმა მოიგო - „ზესტაფონმა" მარტვილის „მერანს", შოთა გრიგალაშვილის ჰეთ თრიკით 3:0 სძლია, რუსთავის „მეტალურგმა" კი, ფოთში „კოლხეთთან" 2:0 (გივი კვარაცხელიასა და ირაკლი სიხარულიძის გოლებით) იმარჯვა.
ასე რომ, ზეიმი ზესტაფონშიც შედგა და ფოთშიც. რომელი გამოდგება დე იურე, ამას ქართული ფეხბურთის „მამები" გაარკვევენ. ვიდრე ეს მოხდება, მანამ 3 სავარაუდო ვარიანტი შეიძლება განიხილებოდეს:
1. მოქმედი დებულებით, რომელიც არავის შეუცვლია, ჩემპიონად „ზესტაფონს" გამოაცხადებენ. მოქმედმა ჩემპიონმა ხომ, მთელი ჩემპიონატის განმავლობაში მის ოპონენტზე 5-ით მეტი მატჩი მოიგო;
2. ჩემპიონად „მეტალურგი" გამოცხადდება, რომელმაც პლეი ოფსა და საუკეთესო 8 გუნდთან რეგულარულ ეტაპზე ურთიერთშეხვედრებში, იმერლებზე ერთით მეტი მატჩი მოიგო;
3. დანიშნავენ „ოქროს" მატჩს (შესაძლოა მატჩებსაც).
მოკლედ, დაველოდოთ აღმასკომს - იქნებ სფფ-ს ბნელი იურიდიული გვირაბის ბოლოში მაინც გამოჩნდეს სინათლე.
პლეი ოფი, ბოლო ტური
20 მაისი
კოლხეთი - მეტალურგი 0:2(0:2)
დინამო - ბაია 6:1 (4:0)
ზესტაფონი - მერანი 3:0 (2:0)
ტორპედო - დილა 3:2 (1:1)
1. ზესტაფონი 28 16 7 5 52:28 55
2. მეტალურგი 28 17 4 7 39:28 55
3. ტორპედო 28 14 6 8 34:25 48
4. დინამო 28 10 10 8 47:35 40
5. დილა 28 10 7 11 38:32 37
6. კოლხეთი 28 8 8 12 25:39 32
7. ბაია 28 5 7 16 25:49 22
8. მერანი 28 6 3 19 31:55 21
ბომბარდირები
20 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)
15 - ჩისკო (დინამო)
12 - დიმიტრი ტატანაშვილი (მეტალურგი)
11 - მათე ვაწაძე (დილა)
10 - შოთა გრიგალაშვილი (ზესტაფონი), რევაზ გოცირიძე (ტორპედო)