ლონდონის „ჩელსიმ", არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო ევროპის ყველაზე ღირებული საკლუბო ტურნირი - ჩემპიონთა ლიგა. მიუნხენში, სადაც ადგილობრივი „ბაიერნი" მასპინძლის რანგში თამაშობდა, მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. თომას მიულერის მიერ 83-ე წუთზე გატანილ თავურს, „არისტოკრატთა" კოტდივუარელმა ლეგიონერმა დიდიე დროგბამ, 88-ე წუთზე თავითვე უპასუხა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.
მატჩის 95-ე წუთზე, დროგბას მიერ „აკიდებული" 11-მეტრიანი ჰოლანდიელმა არიენ რობენმა ვერ გამოიყენა - ბურთი ლონდონელთა კიპერმა პეტრ ჩეხმა აიღო. თამაში პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი კვლავ დროგბამ იკისრა. ბასტიან შვაინშტაიგერის მიერ გაცუდებული პენალტის შემდეგ, სწორედ მან შეასრულა ზუსტი დარტყმა და „ჩელსის" საბოლოო გამარჯვება მოუტანა - 4:3.