საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძე, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. 34 წლის მცველს, იტალიურ „ჯენოასთან" კონტრაქტი 2013 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, მაგრამ როგორც თბილისის აეროპორტში თავად ფეხბურთელმა განაცხადა, მან კლუბთან ურთიერთობა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.
19-წლიანი კარიერის განმავლობაში, კალაძეს სხვადასხვა დროს თბილისის „დინამოში" (82 მატჩი, 1 გოლი), კიევის „დინამოში" (71 მატჩი, 6 გოლი), იტალიურ „მილანსა" (194 მატჩი, 12 გოლი) და „ჯენოაში" (53 მატჩი, 1 გოლი) უთამაშია. იგი არის 5-გზის საქართველოს, 3-გზის უკრაინისა და ერთგზის იტალიის ჩემპიონი; 2003 და 2007 წლებში, „მილანის" შემადგენლობაში გახდა უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული; იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი - ეროვნული ნაკრების მაისურით გამართული 83 მატჩიდან (1 გოლი) 50-ში, ქართველი „ჯვაროსნები" სათამაშოდ კაპიტნის სამკლავურით გაუყვანია.