ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა კლაუდიო რანიერიმ მომავალი სეზონიდან, შესაძლოა, ფლორენციის "ფიორენტინა" გაწვრთნას.
ბოლო დროს, ამის ალბათობა იტალიურ პრესაში აქტიურად განიხილება და 60 წლის სპეციალისტმა, რომელიც მილანის "ინტერიდან" ცოტა ხნის წინ დაითხოვეს, ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"ჩემთვის დიდი პატივი იქნება "ფიორენტინაში" დაბრუნება. თუ შემოთავაზება რეალურად იქნება, სავარაუდოდ, ჩემი პასუხიც დადებითი იქნება. რაც შეეხება "ინტერში" გატარებულ პერიოდს, გუნდმა იმაზე მეტი ქულა აიღო, ვიდრე ჩემი წინამორბედის მუშაობისას", _ განაცხადა რანიერიმ.
რანიერი "ფიორენტინას" 1993-1997 წლებში ავარჯიშებდა და 1996 წელს გუნდს ქვეყნის თასი და სუპერთასი მოაგებინა. ეს სპეციალისტი სხვადასხვა დროს "ვალენსიას", მადრიდის "ატლეტიკოს", "ჩელსის", "იუვენტუსს" და "რომას" ავარჯიშებდა.