"ჩვენ ერთობლივად შემთანხმდით, რომ აზერბაიჯანი გააგრძელებს ოლიმპიადის გამართვაზე ბრძოლას, ხოლო საქართველო დამოუკიდებლად გააგრძელებს ევროპის 2020 წლის გამართვასთან დაკავშირებით ბრძოლას", _ განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა.
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებით საქართველოსა და აზერბაიჯანის ფეხდურთის ფედერაციების გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი. ამ დროისათვის ევრო 2020 მასპინძლობის ოფიციალური განაცხადი უეფაში მხოლოდ თურქეთს აქვს შეტანილი. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მინისტრმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
"მინდა განცხადება გავაკეთო დღევანდელ ფაქტთან დაკავშირებით, ჩვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. დღეს იცით, რომ არის ბოლო ვადა უეფაში განაცხადის შეტანის სურვილის 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის გამართვასთან დაკავშირებით. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება აზერბაიჯანულ მხარესთან კონსულტაციების შემდეგ, მე მინდა კიდევ ერთხელ საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენ განვაცხადეთ ერთობლივი სურვილი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის გამართვაზე. ეს სურვილი იყო აზერბაიჯანული მხარის, ეს იყო მათი შემოთავაზება, კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, ხოლო ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი კონსულტაციების შემდეგ, სახელმწიფო დონეზე კონსულტაციების შემდეგ მინდა გითხრათ, რომ აზერბაიჯანს აქვს განცხადება გაკეთებული ოლიმპიადის გამართვასთან დაკავშირებით და ამიტომ ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით, რომ აზერბაიჯანი გააგრძელებს ოლიმპიადის გამართვაზე ბრძოლას, ხოლო საქართველო დამოუკიდებლად გააგრძელებს ევროპის 2020 წლის გამართვასთან დაკავშირებით ბრძოლას", - განაცხადა ვარძელაშვილმა.