სლოვენიაში მიმდინარე 17 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალების დროც მოვიდა. 13 მაისს, ლიუბლიანას „სტოჟიცეზე", ერთმანეთის წინაშე ჯერ (დასაწყისი თბილისის დროით 19:30) გერმანია და პოლონეთი წარსდგებიან, მერე კი საქართველო და ჰოლანდია.
ქართველთა მატჩს, რომელიც 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტელერეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით გადაიცემა, რუმინელი არბიტრი მარიუს ავრამი განსჯის.
მარიუს ავრამი 32 წლისაა და ფიფას არბიტრის წოდება შარშან აპრილში მიიღო. მიმდინარე ჩემპიონატზე მან უკვე 2 მატჩი იმსაჯა - ჯერ სლოვენიასა და ჰოლანდიას შორის (1:3), მერე ქართველი „ჯვაროსნების" ჯგუფის დასკვნითი დაპირისპირება, გერმანელ და ფრანგ თანატოლებს შორის (3:0).