კახა კალაძე ფეხბურთიდან მიდის, - ამის შესახებ განცხადება მან FACEBOOK-ის მეშვეობით გაავრცელა, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:
"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური დღეა ჩემთვის, რადგან უნდა განვაცხადო 18-წლიანი კარიერის შემდეგ პროფეისონალური ფეხბურთიდან წასვლის შესახებ.
მადლობა მინდა გადავუხადო "მილანის" და "ჯენოას" კლუბებს და მმართველებს, რომლებმაც მიმიღეს იტალიაში; ამ ორი გუნდის ყველა წევრს, ჩემს მეგობრებსა და ჩვენს უამრავ მოწინააღმდეგეს, რომლებთანაც მოგვიწია დაპირისპირებამ, რომელიც განმსჭვალული იყო მეგობრული შეჯიბრის სულით. ასევე ჟურნალისტებსა და ტელევიზიის წარმომადგენლებს.
უზარმაზარი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გულშემატკივრებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ და მამხნევებდნენ. მეც, ჩემი მხრივ, ყოველთვის ვცდილობდი ბოლომდე დავხარჯულიყავი და ყველაფერი გამეკეთებინა ჩემი გუნდისთვის მოედანზე.
ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება აქ, იტალიაში გატარებული დროის შესახებ საოცარი და ბრწყინვალე მოგონებები.
გადავწყვიტე, წავიდე სპორტიდან, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი კვალი დატოვა და ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში უზარმაზარი როლი ითამაშა. დროა, ადგილი დავუთმო ახალგაზრდებს, რომლებმაც უნდა შეძლონ წინსვლა. გადავწყვიტე, ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის მომავალი კეთილდღეობისთვის ვიბრძოლო.
საქართველოს შესახებაც ცოტა რამაა ცნობილი, გარდა ტრაგიკული მოვლენებისა. საქართველო არის ქვეყანა, სადაც დავიბადე, ამ ქვეყანაში არის ყველაფერი ის, რაც ჩემთვის ძვირფასია, სადაც ჩემი გულია; ქვეყანა, სადაც მინდა რომ ჩემი შვილები თავისუფლად გაიზარდონ და იცხოვრონ საქართველოს სხვა ახალგაზრდებთან ერთად, მათი მოთხოვნილებებისა და შესაძლებლობების შესაბამისად, ისე, როგორც ეს ხდება დემოკრატიულ ქვეყნებში", _ ნათქვამია კახა კალაძის განცხადებაში.