მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გასულ წელს აჭარელ ფერმერებს 269 000 ლარის ღირებულების 120 ათასი კილოგრამი კარტოფილის ელიტური სათესლე მასალა დაურიგდა.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, პროგრამის მიზანს წარმოადგენდა აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის ფერმერულ მეურნეობებში კარტოფილის დაბალ მოსავლიანი ჯიშების უხვმოსავლიანი ჯიშებით ჩანაცვლება და მათი მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების დანერგვა-გავრცელება.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის საჭიროება მეკარტოფილეობაში შექმნილმა მძიმე მდგომარეობამ განაპირობა, რის გამოც ფერმერები მაღალი ხარისხის, დაბალი თვითღირებულების კონკურენტუნარიან პროდუქციას ვერ აწარმოებენ.
პროგრამის სტრატეგია გულისხმობდა კარტოფილის მოსავლიანობისა და ხარისხის ამაღლებას, ბაზარზე კონკურენტუნარიანი საქონლის მიწოდებას, მაღალმთიანი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ფერმერის სათესლე მასალითა და სწავლება -კონსულტირებით უზრუნველყოფას, ასევე მათ ჩართვას თანამედროვე ტექნოლოგიათა განხორციელებაში.
პროგრამის განხორცილების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში კომპანია `გემამ " გაიმარჯვა, რომელმაც რეგიონში 269 000 ლარის ღირებულების 120 000 კილოგრამი კარტოფილის 4 სხვადასხვა ჯიშის ელიტური სათესლე მასალა შეიტანა.
შესყიდული კარტოფილის ელიტური სათესლე მასალა თანადაფინანსების პრინციპით (ღირებულების 50 პროცენტის გადახდა ბენეფიციარი ფერმერის მიერ) გადაეცათ აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 738 ფერმერს.