მექანიზაციის პროგრამისათვის გასულ წელს აჭარის მთავრობამ 195 ათასი ლარი დახარჯა, რომლის ფარგლებშიც იტალიური ფირმა ,,Meccanica Benassi" - ის მიერ წარმოებული 75 ერთეული მოტობლოკის შეძენა მოხდა.
ტექნიკა თანადაფინანსების პრინციპით, ღირებულების 50 პროცენტის გადახდის შემდეგ აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის ფერმერებს გადაეცათ. ფერმერების შერჩევა სამინისტროსთან არსებული ტექნიკის განაწილების კომისიის მიერ მოხდა, რომელშიც მონაწილეობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ღებულობდა.
პროგრამის მიზანს წარმოადგენდა ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ფერმერთა შრომის ნაყოფიერების ამაღლება მცირე მექანიზაციის (მოტობლოკები მისაბმელებით) საშუალებების უზრუნველყოფით.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ პროგრამის საჭიროება სოფლის მეურნეობაში მოძველებული, ფაქტიურად ამორტიზირებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკური საშუალებების გაუმართაობამ განაპირობა, რის გამოც აგროტექნიკური ღონისძიებები არასრულფასოვნად ხორციელდებოდა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოვლა-მოყვანის აგროვადები ირღვეოდა. შედეგად კი სასოფლო - სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის მაჩვენებელი მცირდებოდა.