გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის „ტორპედოს" მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძესთან, ახალი სეზონისთვის მის შესაძლო გადაბირებაზე, მოლაპარაკებებს თბილისის „დინამოს" ხელმძღვანელობა აწარმოებს. მოგეხსენებათ, გიორგი დევდარიანის პოსტიდან წასვლის შემდეგ, საქართველოს 13-გზის ჩემპიონისა და 9-გზის თასის მფლობელის თავკაცის მოვალეობას ნესტორ (რამაზ) მუმლაძე ასრულებს. „დინამოს" მეპატრონეს, ბიზნესმენ რომან ფიფიას გადაწყვეტილი აქვს გუნდი ახალ მთავარ მწვრთნელს ჩააბაროს.
შესაძლო კანდიდატურებს შორის სახელდებოდნენ ომარ თეთრაძე, ივო შუშაკი, კახა ცხადაძე. გაჩნდა გია გეგუჩაძის მიერ კლუბის შეცვლის ვერსიაც. სწორედ მის სახელს უკავშირდება ეროვნული ჩემპიონატების ჩატარებიდან (1990) „დინამოს" ყველაზე წარმატებული ევროსეზონი, როცა გუნდმა უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა შეძლო (2004/2005).
”ჯი-ეიჩ-ენი” დაუკავშირდა გია გეგუჩაძეს და სიტუაციაში გარკვევა თხოვა:
- არის ინფორმაცია, რომ თქვენთან, თბილისის „დინამოს", რომელიც ახალი სეზონისთვის მთავარი მწვრთნელის ძიების პროცესშია, მოლაპარაკებები აქვს დაწყებული.
- ეს ხმები ჩემამდეც მოვიდა, თუმცა ეს რომ ასეა, ვერ დაგიდასტურებთ, რადგან პირადად არავინ დამკავშირებია და ამ თემაზე არ გვისაუბრია.
- ასეთი დაკავშირების შემთხვევაში, რამდენად რეალურია იმის შანსი, რომ თქვენ ვადაზე ადრე მიატოვოთ „ტორპედო" და „დინამოში" გადახვიდეთ?
- მე ქუთაისის „ტორპედოსთან" 5-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. ამიტომ ჩემი „დინამოში" წასვლაზე საუბარი ცოტა უხერხულიც კი იქნება. ჩვენ გუნდს გარკვეული მიზნები აქვს და გარდა იურიდიული მხარისა, მაქვს გარკვეული ვალდებულებები აღებული, რაზეც კლუბის ხელმძღვანელებთან შევთანხმდით. მაქვს ვალდებულებები მწვრთნელების, კლუბში მომუშავე ნებისმიერი ადამიანის და ქუთაისელი გულშემატკივრის წინაშე. ამდენად, ადამიანური თვალსაზრისით არ ვიქნები მართალი, თუ ასეთ ნაბიჯს გადავდგამ და ამ ადამიანებს იმედებს გავუცრუებ.