აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში ახალგაზრდული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის წევრებს "მოლოდაია აბხაზიას" შეხვდა. ახალგაზრდული მოძრაობის წევრები დაინტერესდნენ, რა სტადიაში იმყოფება აფხაზეთში არსებული ნავთობის საბადოების დამუშავების საკითხი.
ბაღაფშის განცხადებით, აფხაზეთმა "როსნეფტთან" მოაწერა ხელი შეთანხმებას განზრახვების შესახებ. ამ ხელშეკრულების მიხედვით დაზვერვა ჩატარდება. იპოვიან ნავთობს თუ არა, ეს უკვე სხვა საკითხია. საძიებო სამუშაო ნაპირიდან 11-12 კილომეტრის დაშორებით ჩატარდება, დაახლოებით 900 მეტრის სიღრმეზე.
"მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბავმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, მინდა განვაცხადო, რომ შავი ზღვის შელფზე სადაზვერვო სამუშაოს აწარმოებს შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყანა _ საქართველო, თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და რუსეთი. ამ პირობებში უნდა ვიცოდეთ, რა გვაქვს. თუმცა ერთმნიშვნელოვანია ერთი რამ _ ჩვენ არ დავიწყებთ ნავთობის მოპოვებას ხმელეთზე, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ომამდე, გალის რაიონის ტერიტორიაზე უმაღლესი ხარისხის ნავთობი იქნა აღმოჩენილი", _ განაცხადა ბაღაფშმა.
მისი თქმით, "როსნეფტი" აფხაზეთის ტერიტორიაზე 12 ავტოგასამართი კომპლექსის აგებას გეგმავს, სადაც იქნება განლაგებული ავტონაწილების მაღაზიები, სამრეცხაოები და კაფეები.
შეგახსნებთ, რომ აფხაზმა სეპარატისტებმა რუსულ "როსნეფტთან" 15-მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმეს. რუსული კომპანია 2010 წლიდან შავი ზღვის გუდაუთის აკვატორიაში ნავთობის მოპოვების დაწყებას გეგმავს. ხელშეკრულების მიხედვით, ასევე გათვალისწინებულია აფხაზეთში ბენზინგასამართი სადგურებისა და თხევადი გაზის კომპლექსების მშემენებლობა.
საერთო ჯამში აფხაზეთში "როსნეფტი" 15 მილიარდი რუბლის ინვეტიციას დააბანდებს.