უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხზე თანამშრომლობის მიმართულებით მომავალ თვეში დადებით შედეგებს ელოდება.
ამის შესახებ მან გამოცემა Telex-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, უკრაინასა და უნგრეთს შორის ბოლო დღეებში წარმოქმნილი გაუგებრობების მოგვარება მოხერხდა, მათ შორის, ე.წ. „კარპატულ რვიანთან“ დაკავშირებულ საკითხზე.
ორბანის თქმით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ იორკში გამართული შეხვედრების კვირეულის განმავლობაში ის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰას რამდენჯერმე შეხვდა.
მისივე განცხადებით, ის ყოველდღიურად ინარჩუნებს კონტაქტს უკრაინის ვიცე-პრემიერთან, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას კურირებს და ზაკარპატიის უნგრული უმცირესობის განათლების სფეროში უფლებების მოწესრიგების შესახებ კანონპროექტზე მუშაობას ზედამხედველობს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კანონპროექტი უკრაინის პარლამენტს განსახილველად არაუგვიანეს ოქტომბრისა უნდა წარედგინოს.
„უნდა ვთქვა, რომ ზაკარპატიის უმცირესობის უფლებების საკითხზე ახლა საგარეო საქმეთა მინისტრთან ყოველდღიურად გვაქვს კომუნიკაცია. ვიცე-პრემიერთან კი ტელეფონით ან მოვლენების განვითარების შესაბამისად ვუკავშირდებით. გვინდა, რომ არაუგვიანეს ოქტომბრისა დადებითი შედეგები ვიხილოთ და რადაში განსახილველად შევიდეს კანონპროექტი, რომელიც განათლების სფეროში უფლებებს დაარეგულირებს“, - განაცხადა ორბანმა.
მანამდე უნგრეთის მხარეს უკვე ჰქონდა აღნიშნული, რომ უკრაინის პარლამენტმა უნგრული უმცირესობის განათლების, კულტურისა და პოლიტიკური წარმომადგენლობის უფლებების უზრუნველსაყოფად შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უნდა მიიღოს.