რუსეთმა კვლავ განახორციელა იერიში უკრაინაზე პოლონეთის საზღვრის მიმდებარედ, რის გამოც პოლონეთს ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ევაკუაცია მოუწია. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ რუმენ რადევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„როდესაც ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდით, რუსეთმა კვლავ შეუტია უკრაინას პოლონეთის საზღვრის მახლობლად და კვლავ მოგვიწია ჰრუბიეშოვისა და დოროჰუსკის სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ევაკუაცია“, - განაცხადა ტუსკმა.
პოლონური მედიის ცნობით, უსაფრთხოების ზომების გამო დოროჰუსკისა და ზოსინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე შემოწმების პროცესი დროებით შეჩერდა. დოროჰუსკში მგზავრები პოლონეთის სასაზღვრო დაცვის თანხლებით უსაფრთხო ტერიტორიაზე, ხოლო პუნქტის თანამშრომლები თავშესაფრებში გადაიყვანეს. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ორივე პუნქტზე მოძრაობა აღდგა.
ტუსკმა აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარება პოლონეთს უკრაინასთან თანამშრომლობისა და ევროპელი პარტნიორების გაფრთხილების აუცილებლობაზე მიუთითებს.
„ეს ვითარება გვაიძულებს, ძალიან თანმიმდევრულად ვიმოქმედოთ პოლონეთში, ვითანამშრომლოთ უკრაინასთან, მაგრამ ასევე გავაფრთხილოთ ევროპა და ევროპელი პარტნიორები, რომ ეს პერიოდი მართლაც რთულია და მომდევნო კვირებისა და თვეებისთვის სათანადოდ მომზადებაა საჭირო. შემოდგომა და ზამთარი შესაძლოა მართლაც კრიტიკული აღმოჩნდეს“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.
პოლონურმა მედიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ 24 სექტემბერს დილით დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის დრონებით თავდასხმის გამო პოლონეთმა საბრძოლო თვითმფრინავები რამდენჯერმე ასწია, ხოლო ლუბლინისა და პოდკარპაცკის სავოევოდოებში მოსახლეობას უსაფრთხოების გაფრთხილებები გაეგზავნა.