საქართველოს 16 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელი ნოდარ აკობიაა, 26 აპრილს ყაზახეთში მიემგზავრება, სადაც 28 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით მონაწილეობას ყაზახეთის „პრეზიდენტის თასის" გათამაშებაში მიიღებს.
ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, აკობიას გუნდმა საწვრთნელი შეკრება თბილისში გაიარა. 25 აპრილს კი, გამგზავრებამდე ბოლო საკონტროლო მატჩი ჩაატარა თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემიის 1995 წელს დაბადებულთა გუნდთან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ცნობით, ტესტ-მატჩი ნაკრების გამარჯვებით - 4:2 დასრულდა. დუბლი შეასრულა გიორგი ბერიძემ. თითო გოლი კი, გიორგი ხორხელმა და თორნიკე ტურავამ გაიტანეს.
ყაზახეთში 16-წლამდელთა ნაკრები ასეთი შემადგენლობით გაემგზავრება:
მეკარეები: ბექა ქურდაძე („საბურთალო", თბილისი), რომან ტურავა („ბაია", ზუგდიდი)
მცველები: ჯემალ ტაბიძე („ბაია", ზუგდიდი), ზურაბ მალანია („ბაია", ზუგდიდი), რუსლან ბედიევი („საბურთალო", თბილისი), ზურაბ გელაშვილი („ტორპედო", ქუთაისი), ნიკა ტიტვინიძე („დილა", გორი), ბაკურ გაბედავა („ბაია", ზუგდიდი)
ნახევარმცველები: გიორგი ხორხელი („საბურთალო", თბილისი), თორნიკე ტურავა („ბაია", ზუგდიდი), ლუკა ზარანდია (35-ე სკოლა), გიორგი ბერიძე („ოლიმპი", თბილისი), ნიკა ლაშხია („ბაია", ზუგდიდი), ტარიელ ჯინჭველაშვილი („მერანი", მარტვილი)
თავდამსხმელები: ილია კერძევაძე („ოლიმპი", თბილისი), გიორგი ჯობავა („ოსერი", საფრანგეთი), აკაკი შულაია („მერანი", მარტვილი)
აქვე გეტყვით, რომ აკობიას ასისტენტი კახა გოგიჩაიშვილია, ხოლო ნაკრების მეკარეების მწვრთნელი გრიგოლ ჭანტურიაა.
8-გუნდიან ტურნირზე ჩვენი გუნდი B ჯგუფში იასპარეზებს აზერბაიჯანის, ირანისა და თურქეთის ნაკრებებთან ერთად. A ჯგუფში კი, ყაზახები, უნგრელები, თურქმენები და სომხები ითამაშებენ. წლევანდელ ტურნირს ალმათი მასპინძლობს. ჯგუფური ეტაპის თამაშები სპორტკომპლექს „FootballLand"-ში გაიმართება. ფინალურ მატჩს კი, ალმათის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს.
28 აპრილი აზერბაიჯანი - საქართველო (14:00 თბილისის დროით)
29 აპრილი ირანი - საქართველო (12:00 თბილისის დროით)
1 მაისი საქართველო - თურქეთი (12:00 თბილისის დროით)
ჯგუფების პირველადგილოსნები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან, მეორეადგილოსნები - III-IV ადგილებისთვის და ა.შ.
შარშან ამ ტურნირზე ვასილ მაისურაძის 17-წლამდელთა ნაკრებიც იმყოფებოდა. მაშინ ჩვენმა გუნდმა მე-5 ადგილი დაიკავა. ნიკა ახვლედიანი კი, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
როგორც ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ტურნირის მატჩების ტრანსლირება ინტერნეტპორტალ sport.kz-ზე მოხდება.