ფეხბურთის ფედერაციამ მსაჯთა განყოფილების ხელმძღვანელებს უფლებამოსილება შეუჩერა. მიზეზი - გუნდების მხრიდან გამოთქმული უამრავი პრეტენზიაა. ისინი მსაჯებს უნდობლობას უცხადებენ და მათი საქმიანობის გამოძიებას ითხოვენ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა.
"საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების პირველ ეტაპზე, სულ უფრო და უფრო ნაკლები იყო კლუბებისა და გულშემატკივრების პრეტენზიები მსაჯობის მიმართ, რამაც, თავისთავად, კმაყოფილების საბაბი მოგვცა, ვინაიდან მიგვაჩნდა, რომ ამ სფეროში წლების მანძილზე არსებული პრობლემების გადაჭრის რეალურ გზებს მივაგენით.
თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის დასკვნით ეტაპზე, კვლავ იჩინა თავი მსაჯობასთან და მსაჯთა კორპუსთან დაკავშირებულმა პრეტენზიებმა.
ბოლო ტურებში გამართული მატჩების მნიშვნელოვანი ნაწილი, კლუბებისა და გულშემატკივრების აღშფოთების მიზეზად იქცა და ჩვენდა სამწუხაროდ, ამის მიზეზი კვლავ მსაჯობა გახდა", _ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, სფფ-ში შევიდა უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე კლუბების რამდენიმე წერილობითი პრეტენზია, სადაც კლუბები ითხოვენ ამა თუ იმ კონკრეტულ მატჩში მსაჯების ქმედებებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლასა და განხილვას.
"საუბარია შემდეგ მატჩებზე: დილა - გაგრა (თასის თამაშები - 10 და 18 აპრილი) - საჩივარი შემოსულია სკ „გაგრას" მხრიდან მეტალურგი - ზესტაფონი (თასის თამაშები - 10 და 18 აპრილი) - საჩივარი შემოსულია სკ „მეტალურგის" მხრიდან ბაია - დინამო თბილისი - (14.04.12 - 2:2) - საჩივარი შემოსულია სკ „ბაიას" მხრიდან ჩიხურა - სიონი - (21.04.12 - 0:0) - საჩივარი შემოსულია სკ „სიონის" მხრიდან დილა - დინამო - (22.04.12 - 0:0) - საჩივარი შემოსულია სკ „დინამო" თბილისის მხრიდან
დინამო - მეტალურგი - (06.04.12 - 1:1) - საჩივარი შემოსულია სკ „მეტალურგის" მხრიდან
მეტალურგი - ტორპედო - (02.04.12 - 2:1) - საჩივარი შემოსულია სკ „ტორპედოს" მხრიდან
გურია - ვიტ ჯორჯია - (14.04.12 - 1:0) - საჩივარი შემოსულია სკ „ვიტ ჯორჯიას" მხრიდან
მერანი - ზესტაფონი - (14.04.12 - 4:4) - საჩივარი შემოსულია სკ „ზესტაფონის" მხრიდან
მეტალურგი - კოლხეთი - (14.04.12 - 1:0) - საჩივარი შემოსულია სკ „კოლხეთის" მხრიდან
ზესტაფონი - დილა - (06.04.12 - 2:3) - საჩივარი შემოსულია სკ „ზესტაფონის" მხრიდან.
სამწუხაროდ, იგივე სახის პრეტენზიები ფუტსალშიც დაფიქსირდა და სფფ-ს ანალოგიური შინაარსის წერილით „იბერია სტარმა" მიმართა", _ ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, მიღებული საჩივრების რაოდენობიდან გამომდინარე, სფფ-მ ვითარება საგანგაშოდ მიიჩნია და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, გატარდეს სათანადო ზომები, რათა ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშება ღირსეულად ჩამთავრდეს.
"ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეუჩერდეთ უფლებები მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა განყოფილების უფროსს - ლევან ფანიაშვილსა და მის მოადგილეს - მერაბ მალაღურაძეს.
მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა განყოფილების ფუნქციები დროებით, ჩემპიონატის დამთავრებამდე შეითავსოს სფფ-ის საგანგებო კომიტეტმა (თავმჯდომარე - დ. სიჭინავა; წევრები - რ. არველაძე, ა. ჩივაძე, გ. ფირცხალავა)",_ ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.