ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფილმების ვისბადენის მე-12 კინოფესტივალის ფოკუსში წელს ქართული კინემატოგრაფი მოექცა.
გერმანიის ქალაქ ვისბადენში ფესტივალზე დასასწრებად საქართველოდან დელეგაცია მიემგზავრება.
21 აპრილს, 12 საათზე, კინოცენტრის დირექტორი თამარ ტატიშვილი გამართავს პრეზენტაციას კინოცენტრის საქმიანობის და პროექტების შესახებ. პრეზენტაცია გაიმართება ფესტივალის ინდუსტრიული პროგრამის - GoEAST Project Market-ის ფარგლებში. ასევე, ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა სექციაში ნაჩვენები იქნება 13 ქართული ფილმი.
საკონკურსო პროგრამაში მოხვდა ნანა ჯანელიძის დოკუმენტური სურათი: „ნეტავ იქ თეატრი არის?!". ასევე, ნაჩვენები იქნება თორნიკე ბზიავას „აპრილის სუსხი" , რუსუდან პირველის „სუსა", სალომე ჯაშის „ბახმარო" da ლევან კოღუაშვილის „ქალები საქართველოდან".
23 აპრილს, ფესტივალზე შედგება პანელ დისკუსია თემაზე: „ქართული კინო დღეს ", რომლის მოდერატორიც იქნება Screen International-ის ცნობილი ჟურნალისტი და კინოკრიტიკოსი - მარტინ ბლენი. შეხვედრაში მონაწილეობენ: თამარ ტატიშვილი (კინოცენტრის დირექტორი), გაგა ჩხეიძე (თბილისის კინოფესტივალის დირექტორი) და რეჟისორები: სალომე ჯაში, გიორგი ოვაშვილი, რუსუდან პირველი, ზაზა რუსაძე, ლევან კოღუაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ვისბადენის კინოფესტივალი goEast ყოველწლიურად განსაკუთრებით ინტერესდება ქართული კინოთი. შარშან ფესტივალი ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის - ვაკო კირკიტაძის ფილმით „სექტემბერი" გაიხსნა. 2011-ში სტუდენტური ფილმების კონკურსში მოხვდა 6 ქართველი სტუდენტის ნამუშევარი. ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა ქართველი ავტორის - ალექსანდრე ქვირიას 2010 წლის ნამუშევარი „გორელოვკა". 2011 წლის ფესტივალის ჟიურის წევრებს შორის იყო ქართველი რეჟისორი ლევან კოღუაშვილი, რომლის ფილმმა „ქუჩის დღეები" 2010 წელს ამავე ფესტივალის მთავარი პრიზი აიღო.
2009-ში კი გრანპრი და კინოკრიტიკრიტიკოსთა ასოციაციის მთავარი პრიზი FIPRESCI ვისბადენის ფესტივალზე აიღო ბოლო დროის გახმაურებულმა ქართულმა ფილმმა „გაღმა ნაპირი", რომლის რეჟისორი გიორგი ოვაშვილი წელს მთავარი ჟიურის წევრია.
goEast ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კინოს საკმაოდ მნიშვნელოვანი კინოფორუმია. ფესტივალი 2001 წელს კლაუდია დილმანმა დააფუძნა, რომელიც გერმანული კინოს ინსტიტუტის DIF დირექტორი იყო.