დღეს, 19 აპრილს, "ანიმაციის განვითარების ფონდის" ორგანიზებით, ქ. თელავში ტრადიციულად გაიხსნება ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ექო თოფუზი". ფესტივალის სტუმრები დიდ ეკრანზე ნახავენ უახლეს ქართულ და უცხოურ ანიმაციურ ფილმებს, რომლებმაც სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე მოიპოვეს წარმატება. ფესტივალი 21 აპრილამდე გასტანს.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება ვორქშოპი "მიფასი ანიმაცია", სადაც თელავის სამხატვრო სასწავლებლის მოზარდები პროფესიონალი ანიმატორების დახმარებით შექმნიან მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ფილმს.
თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის წარმომადგენლებს, "ანიმაციის განვითარების ფონდის" საინიციატივო ჯგუფის წევრებს, სამხატვრო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის, გაიმართება დისკუსია თემაზე "ანიმაცია რეგიონებში". მსჯელობა იქნება თელავის სამხატვრო სასწავლებელში ანიმაციის სწავლების დანერგვისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქ. თელავის მუნიციპალიტეტი, შპს "მიფასი". "ანიმაციის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელია ზურაბ დიასამიძე.