საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენას ალტერნატივა არ აქვს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პროფესორმა ნესტან კირთაძემ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტაციიდან მიღებული წერილის კომენტირებისას განუცხადა და დასძინა, რომ წერილის ადრესატი არის თავად.
"ნათელი ქრისტესი. საქართველოს" პროექტის ავტორი და მთავრი რედაქტორი აცხადებს, რომ წერილში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ავტორებს ეპოქალური წიგნის გამოცემის გამო, რომელიც გასულ წელს იუნესკოს კულტურის საქმეთა კომისიის ეგიდით მოსკოვში კალიგრაფიის მეორე საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილი.
კირთაძე მიიჩნევს, რომ ურთიერთობების აღდგენა 2008 წლის აგვისტოს სამხედრო შეიარაღებული კონფრონტაციისა და უმიძმესი შედეგების შემდეგ უაღრესად მძიმე მაგრამ სახელმწიფოებრივად აუცილებელი და მნიშვნელოვანი გზაა.
"მიმაჩნია, რომ მიუხედავად 2008 წლის აგვისტოს სამხედრო შეიარაღებული კონფრონტაციისა და უმიძმესი შედეგებისა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენას ალტერნატივა არ აქვს. ეს უაღრესად მძიმე მაგრამ სახელმწიფოებრივად აუცილებელი და მნიშვნელოვანი გზაა. ურთიერთობების დარეგულირების ეს ტვირთი საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიებმა და პატრიარქებმა იტვირთეს. მიხარია, რომ საყოველთაოდ ცნობილმა ტრილოგიამ "ნათელი ქრისტესი. საქართველო", შეიძინა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის ფუნქცია და გახდა მშვიდობის ელჩი ამ გზაზე", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" კირთაძემ.
რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ადმინისტრაციიდან მიღებულ წერილში საქართველოსა და ქართველი მეცნიერებისადმი პატივისცემაა დადასტურებული.
"გულწრფელად გიხდით მადლობას იმ ღვაწლისა და ძალისხმევისთვის, რომელსაც თქვენ და თქვენი კოლეგები, ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობების აღდგენისთვის აკეთებთ", _ აღნიშნულია წერილში.
"თქვენი ღვაწლის შეფასება, რომელიც ნაშრომებში "ნათელი ქრისტესი. საქართველო" და "მზიანი ღამე. პატრიარქი" ჩადეთ, შეუძლებელია. ასევე შეუძლებელია იმ როლის შეფასება, რომელიც თქვენ შეასრულეთ ქართული და რუსული ეკლესიების ურთიერთობის საქმეში", _ ნათქვამია წერილში და იქვე აღნიშნულია, რომ რუსული მხარე იმედს იტოვებს, რომ ამგვარი გამოცემები "მნიშვნელოვანი მოვლენა გახდება და დიდ როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნების რელიგიურ და კულტურულ ცხოვრებაში და ხელს შეუწყობს მათ დაახლოებას საერთო მართლმადიდებლური ფასეულობების საფუძველზე".
წერილში გამოთქმულია იმედი, რომ მეცნიერებისა და საზოგადოების წარმომადგენელთა ძალისხმევა მიაღწევს დასახულ მიზანს და საქართველოსა და რუსეთს შორის კვლავ კეთილმეზობლური ურთიერთობები დამყარდება.
"იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენი, თქვენი კოლეგებისა და როგორც რუსული ისე ქართული საზოგადოების მიერ გაწეული ძალისხმევა ბოლოს მიგვიყვანს ყველასთვის სასურველ შედეგამდე _ ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენამდე", _ ნათქვამია რუსეთის პრეზიდეტის დიმიტრი მედვედევის ადმინისტრაციიდან პროფესორ ნესტან კირთაძისადმი გამოგზავნილ წერილში.
უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის ოქტომბერში მოსკოვში გამგზავრებამდე კირთაძე იმედს გამოთქვამდა, რომ "ნათელი ქრისტესი". საქართველო" გახდებოდა მშვიდობის გზავნილი.
"ღმერთმა ქნას, რომ ეპოქალური წიგნი "ნათელი ქრისტესი". საქართველო" გახდეს მშვიდობის გზავნილი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დალაგების, და ხიდების აღდგენისა და, ჩვენი ხალხების ურთიერთგაგებისთვის", _ აცხადებდა კირთაძე.
აღსანიშნავია, რომ „ნათელი ქრისტესი. საქართველო" მოსკოვიდან მსოფლიოს კულტურულ ცენტრებში ტოკიოში, პარიზში, ნიუ-იორკში, ბერლინში და სხვა ქალაქებში გააგრძელებს „მოგზაურობას".
„ეს არის უნიკალური შანსი გავაცნოთ მსოფლიო საზოგადოებას მრავალათასწლიანი ქართული ისტორია, სულიერება და კულტურა", _ განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" ნესტან კირთაძემ.