ისრაელის მთავრობა და ჰამასი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
მისი თქმით, შეთანხმების მიღწევის სამუშაოებში ჩართულები იყვნენ, როგორც მისი, ასევე მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
ცეცხლის შეწყვეტის გარდა, შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ჰამასის მიერ მძევლებისა და ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების ეტაპობრივ გათავისუფლებას.
პარალელურად, დოჰაში გაიმართა კატარის პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი, რომელიც მხარეებს შორის მოლაპარაკებებში მედიატორის როლს ასრულებდა.
პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ ტანიმ განაცხადა, რომ შუამავლები იმედოვნებენ, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდება კვირას, 19 იანვარს.
მედია ავრცელებს შეთანხმების ზოგად მონახაზს:
ჰამასი და მისი მოკავშირე გასამხედროებული ჯგუფები გაათავისუფლებენ მძევლებს, რომლებიც მათ 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს აიყვანეს.
საპასუხოდ, ისრაელი ასობით პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს. მათი რიცხვი დაახლოებით 1000-მდეა.
შეთანხმება, პირველ ეტაპზე, ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას 42 დღის ვადით.
ისრაელის მთავრობის კაბინეტმა უნდა მოიწონოს შეთანხმება უბრალო უმრავლესობით.
ისრაელის უზენაესი სასამართლო განიხილავს პეტიციებს ყველასგან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ვინც შეეწინააღმდეგება პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას.
სავარაუდოდ, გათავისუფლებულთა შორის იქნება 5 ისრაელელი ქალი სამხედრო. თითოეული მათგანის სანაცვლოდ, ისრაელი 50 პალესტინელ პატიმარს გაცვლის, მათ შორის 30 მსჯავრდებულს, რომელთაც უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი.
პალესტილები პატიმრები, რომლებიც პასუხისმგებლენი არიან ისრაელელების მკვლელობაზე, გათავისუფლების შემდეგ ვერ მოხვდებიან დასავლეთ სანაპიროზე, არამედ ღაზის სექტორში ან სხვა ქვეყანაში, მათთან შეთანხმების საფუძველზე.
ისრაელი დაიწყებს სამხედროების ეტაპობრივ გაყვანას დასახლებული ცენტრებიდან, მაგრამ დარჩება ღაზა-ეგვიპტის საზღვრის გასწვრივ, რომელიც ცნობილია, როგორც ფილადელფის დერაფანი.
ისრაელი ასევე შეინარჩუნებს ბუფერულ ზონას ღაზას შიგნით ისრაელთან საზღვრის გასწვრივ, რომლის არეალი ჯერ არ არის გამოცხადებული.