არჩევნების გაყალბების მტკიცებულება არ მინახავს, ჰაერიდან მოტანილ სისულელეებს არ ვიჯერებ - აცხადებს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.
"პოზიციას ნამდვილად შევიცვლიდი, დღემდე რომ მენახა გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულება. მე არ მინახავს ასეთი მტკიცებულება. 100 ათასი ადამიანი, რომელსაც ჩამოართვეს პირადობის მოწმობა, ამ ადამიანებიდან დღემდე ჩემთან არცერთი არ მოსულა. 300 ათასი ხმის გაყალბებას რა ინფრასტრუქტურა სჭირდება და ეს რასთან არის დაკავშირებული, ჩემთვის ძალიან ცხადია. ამიტომ ბოდიში და, ასეთ ჰაერიდან მოტანილ სისულელეებს მე არ ვიჯერებ. ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია.
მე არ მაქვს მანდატი, რომ არჩევნებს დავაკვირდე. არჩევნებს არ დავკვირვებივარ. 3 000 უბანზე მე არ მყოლია წარმომადგენელი, მაგრამ ვისაც ჰყავდა წარმომადგენლები და ჰქონდა ასეთი საშუალება, მათ მიერ დღემდე, ჩემი აზრით, არ არის წარმოდგენილი გაყალბების შესახებ ისეთი მყარი მტკიცებულებები, რომელიც მათქმევინებდა, რომ 300 000 ხმა გაყალბდა – როგორც მოქალაქე, ამას დავიჯერებდი – ან 100 000 ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა", - თქვა მან.