აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილმა მესამე პიროვნებამ თვითმკვლელობა წარუმატებლად სცადა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 1976 წელს გუდაუთის რაიონის სოფელ ხიპსაში დაბადებული, ამჟამად ქალაქ გუდაუთის მაცხოვრებელი მურთაზ საქანია ამ საქმესთან დაკავშირებით დაპატიმრებული არ იყო, თუმცა მას შემდეგ რაც მას უწყება მიუვიდა, რომლითაც საქანია სასამართლოში იბარებდნენ მან ყელი გამოიჭრა.
აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ საავადმყოფოში მისთვის დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ მურთაზ საქანიასათვის სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა. "ამჟამად მურთაზ საქანია ჩვენებას იძლევა", _ იუწყება აფხაზური მხარე.
აღსანიშნავია, რომ მურთაზ საქანია მესამე ადამიანია, რომელიც ანქვაბის თავდახმასთან დაკავშირებით სიცოცხლესთან ანგარიშწორებას შეეცადა. მანამდე წუხელ, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში მეორე ეჭვმიტანილმა ტიმურ ხუტაბმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან თავი სოხუმის საგამოძიებო იზოლატორში ჩამოიხრჩო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილმა აფხაზეთის ე.წ. ყოფილმა შს მინისტრმა ასლამბეი კჩაჩმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. კჩაჩი ასევე მილიციის გენერალი და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ვლადისლავ არძინბას დაცვის უფროსი იყო.
სამართლადამცავი ორგანოების თანამშრომლების დანახვისას, რომლებიც მასთან სახლში მივიდნენ კჩაჩი გაგრაში თავის სახლში ჩაიკეტა და თავი პისტოლეტით მოიკლა.
სულ, ჯერ ჯერობით, ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილების სტატუსით დაკავებულია ანზორ ბუთბა, ალხაზ ხუტაბი, და რამზი ხაშიგი. ისინი 14 აპრილს დააკავეს. მათ სოხუმის ე.წ. სასამართლომ აღმკვეთი ღონოისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა.
აფხაზური მხარის ინფორმაციით ამ ადამიანებს ასევე ბრალად ედებათ, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის პირადი დაცვის ორი წევრის რემზიკ ცუგბასა და თენგიზ პანდარიას მკვლელობა.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა მოხდა. თავდასხმის შედეგად მისი პირადი დაცვის ორი წევრი, რემზიკ ცუგბა და თენგიზ პანდარია, მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალნენ.