ევროკავშირი სირიასთან ურთიერთობების გაღრმავებას და მასთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებას გეგმავს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კაია კალასმა აღნიშნა რომ, განახლებულ ასოცირების ხელშელშეკრულებაზე მუშაობისას, ერთ ერთი თემა უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარებაა.
კალასის თქმით, მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირსა და სირიას შორის ასოცირების შეთანხმების პროცესის წინ წაწევას. მომდევნო ეტაპზე ევროკავშირი წევრ სახელმწიფოებთან ერთად შეთანხმების ტექნიკურ და სამართლებრივ დეტალებზე იმუშავებს, რათა დოკუმენტი ხელმოსაწერად მომზადდეს.
მისი განმარტებით, სირიას ინვესტიციები და წარმატებული გარდამავალი პერიოდი სჭირდება, თუმცა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შეთანხმების მომზადების პროცესში გარკვეული პირობების დაწესებას მოითხოვენ.
კალასმა ერთ-ერთ ასეთ პირობად ადამიანის უფლებების დაცვის საკითხის მკაფიოდ განსაზღვრა დაასახელა. ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა მოითხოვოს უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება, რომლებიც სირიამ ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დროს აღიარა.
„უნდა გვქონდეს მკაფიო პირობითობა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. ასევე უნდა მივიღოთ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება, რომლებიც მათ ასადის რეჟიმის დროს მოახდინეს“, - განაცხადა კალასმა.
კალასის განცხადებით, წევრი სახელმწიფოები შეთანხმების სხვა პირობებსაც განიხილავენ და ამ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება.