საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საფრანგეთი უკრაინისთვის მატერიალური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას გააგრძელებს, თუმცა კიევს დამატებით ფინანსურ დახმარებას ვეღარ გაუწევს.
ამის შესახებ ლე პენმა 16 ნოემბერს, საფრანგეთში უკრაინის ელჩთან, ვადიმ ომელჩენკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ლე პენის განცხადებით, საფრანგეთის საჯარო ფინანსების მდგომარეობა ქვეყანას უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გაწევის შესაძლებლობას აღარ აძლევს. ამასთან, მან პირობა დადო, რომ საფრანგეთი შეასრულებს უკრაინის წინაშე უკვე ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის ევროკავშირის 90-მილიარდევროიანი სესხის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს.
ლე პენმა უკრაინის ელჩს სთხოვა, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის გადაეცა, რომ მზად არის, უკრაინის პრეზიდენტს პარიზში ან ბრიუსელში შეხვდეს.
აღსანიშნია, რომ ლე პენმა ოქტომბერშიც განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში უკრაინის ფინანსურ დახმარებას პირველი ექვსი თვის განმავლობაში შეინარჩუნებდა, შემდეგ კი შეწყვეტდა. მისი თქმით, საფრანგეთს ამის ფინანსური შესაძლებლობა აღარ აქვს.