ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავასრულოთ ომი უკრაინაში და ის ადამიანური ტანჯვა, რომელიც ამ ომმა გამოიწვია. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მტკიცედ არის განწყობილი, მიაღწიოს ხანგრძლივ მშვიდობას და ჩვენ სრულად ვართ ერთგულნი, ყველაფერი გავაკეთოთ ამ მიზნის მისაღწევად, - აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი სოციალურ ქსელში წერს.
კუშნერის თქმით, დღეს დილით სტივ უიტკოფთან ერთად რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვთან ისაუბრეს, რათა მიღწეული პროგრესი და სამშვიდობო პროცესის შემდგომი ნაბიჯები განეხილათ.
"ასევე გვქონდა ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი უკრაინასა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, მათ შორის გერმანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და იტალიის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებთან, ასევე ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლებთან.
განვიხილეთ, როგორ შევუწყოთ ხელი ევროპასა და რუსეთს შორის პირდაპირი დიალოგის დაწყებას, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, დიდწილად, არ არსებობდა. მნიშვნელოვანია, ორივე მხარემ უშუალოდ მოისმინოს ერთმანეთის შეშფოთება და წინადადებები, რადგან ევროპის უფრო სტაბილური და უსაფრთხო მომავლის შექმნაზე ვმუშაობთ.
ასევე დავიწყეთ მომდევნო მრავალმხრივი შეხვედრის დღის წესრიგის მომზადება. ვმუშაობთ, რომ ეს შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართოს.
ჩვენი განხილვების მთავარი საკითხი იყო ფუნდამენტური კითხვა: როგორ დავასრულოთ ეს საშინელი ომი და შევქმნათ ომისშემდგომი უსაფრთხოების ისეთი მექანიზმები, რომლებიც მომავალში ახალი ომების ალბათობას შეამცირებს?
ნატო ევროპის უსაფრთხოების მნიშვნელოვან საყრდენად დარჩება. ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ ევროპაში არსებული ინსტიტუტები და შეთანხმებები, განვამტკიცოთ უსაფრთხოების ვალდებულებები, კომუნიკაცია და გამჭვირვალობა, ასევე შევქმნათ ესკალაციის განმუხტვის მექანიზმები, რათა მიღწეული მშვიდობა მდგრადი იყოს.
როდესაც მე და სტივმა ერთი წლის წინ ეს სამუშაო დავიწყეთ, უკრაინისთვის წარმატებული შედეგი განვსაზღვრეთ, როგორც სუვერენული, უსაფრთხო და აყვავებული ქვეყნის, რომელსაც საკუთარი მომავლის განსაზღვრის თავისუფლება ექნება.
უკრაინასთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან გასული ერთი წლის განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობით, ამ ხედვის განხორციელების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი მივაღწიეთ. ეს სამი ძირითად მიმართულებას ეფუძნება:
მტკიცე და სანდო უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც უკრაინას მომავალში შესაძლო აგრესიისგან დაიცავს.
ევროკავშირში გაწევრიანების გზა, რომელიც უკრაინის გრძელვადიან მომავალს ევროპას დაუკავშირებს.
ომისშემდგომი კეთილდღეობის ყოვლისმომცველი გეგმა, რომელიც ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, მსოფლიო ბანკთან და სხვა მხარეებთან ერთად მუშავდება და უკრაინის ფინანსურ სტაბილურობას, აღდგენას, ინვესტიციების მოზიდვასა და გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.
ამ სამი მიმართულების ერთობლიობა უკრაინას მისცემს ძალას, უსაფრთხოებას, თავისუფლებასა და თავდაჯერებულობას, რათა რუსეთთან მოლაპარაკებებში დარჩენილი რთული საკითხები განიხილოს და საკუთარი ხალხისთვის უკეთესი მომავალი შექმნას.
ნებისმიერ საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებას როგორც რუსეთი, ისე უკრაინა უნდა დაეთანხმონ.
მიუხედავად იმისა, რომ საჯარო განხილვების დიდი ნაწილი მხარეებს შორის არსებულ უთანხმოებებს ეთმობა, დახურულ კარს მიღმა გამართული სერიოზული მოლაპარაკებების შედეგად კვლავ ჩნდება პოზიტიური და კონსტრუქციული იდეები. ეს საუბრები შესაძლო გამოსავლის გზების მოძიებასა და დარჩენილი უთანხმოებების შემცირებაში გვეხმარება.
მნიშვნელოვანი სირთულეები კვლავ არსებობს და საბოლოო შეთანხმების მისაღწევად რთული გადაწყვეტილებების მიღება იქნება საჭირო. თუმცა რუსეთთან, უკრაინასა და ევროპასთან მჭიდრო კოორდინაციით წინ მივიწევთ იმ შედეგის მისაღწევად, რომელიც ომს დაასრულებს, ევროპის უსაფრთხოებას გააძლიერებს და ხანგრძლივი მშვიდობის საფუძველს შექმნის", - წერს კუშნერი.