აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში მეორე ეჭვმიტანილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ტიმურ ხუტაბმა თავი სოხუმის საგამოძიებო იზოლატორში მოიკლა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია აფხაზეთის ე.წ. გენპროკურატურაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტიმურ ხუტაბი 14 აპრილს, სამ ეჭვმიტანილთან ერთად დააკავეს. მან კამერაში თავი ჩამოიხრჩო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილმა აფხაზეთის ე.წ. ყოფილმა შს მინისტრმა ასლამბეი კჩაჩმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
კჩაჩი ასევე მილიციის გენერალი და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ვლადისლავ არძინბას დაცვის უფროსი იყო. სამართლადამცავი ორგანოების თანამშრომლების დანახვისას, რომლებიც მასთან სახლში მივიდნენ კჩაჩი გაგრაში თავის სახლში ჩაიკეტა. მას შემდეგ რაც თანამშრომლებმა მის სახლში შეღწევა ფანჯრიდან შეძლეს, მათ კჩაჩის სხეული აღმოაჩინეს, რომელიც საწოლზე იწვა და ხელში პისტოლეტი ეჭირა.
ასლამბეი კჩაჩი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე განხორციელებულ თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ანქვაბზე თავდასმაში ეჭვმიტანილები ანზორ ბუთბა, ალხაზ ხუტაბი, აწ გარდაცვლილი ტიმურ ხუტაბი და რამზი ხაშიგი 14 აპრილს დააკავეს. მათ
სოხუმის ე.წ. სასამართლომ აღმკვეთი ღონოისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა.
აფხაზური მხარის ინფორმაციით ამ ადამიანებს ასევე ბრალად ედებათ, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის პირადი დაცვის ორი წევრის რემზიკ ცუგბასა და თენგიზ პანდარიას მკვლელობა.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა მოხდა. თავდასხმის შედეგად მისი პირადი დაცვის ორი წევრი, რემზიკ ცუგბა და თენგიზ პანდარია, მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალნენ.