კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა რამდენიმე დღეში შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს. ოფიციალური ინფორმაციით, 14 ოქტომბრიდან გუბერნატორი შვებულებაშია და საზღვარგარეთ იმყოფება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, ღვინიაშვილი შვებულებიდან 26 ოქტომბერს უნდა დაბრუნდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ღვინიაშვილს სხვა სამსახურში სამუშაოდ სწორედ შვებულებიდან გამოსვლისთანავე გადაიყვანენ.
ერთ-ერთი ვერსიით ღვინიაშვილმა შესაძლოა, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ჩაანაცვლოს. წყაროები იტყობინებიან, რომ ღვინიაშვილთან ერთად კახეთს მისი პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ჩივიაშვილიც დატოვებენ. კახეთის გუბერნატორად თელავის მაჟორიტარ დეპუტატს გია არსენიშვილს მოიაზრებენ, რასაც თავად არსენიშვილი უარყოფს. გიორგი ჩივიაშვილის შემცვლელად კი კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე გოგია მაჩხაშვილი სახელდება.
შესაძლო საკადრო ცვლილებებს კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი არ ადასტურებს.