ექსპერტ გოგი ხუციშვილის ვარაუდით, ვიქტორ იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების შემთხვევაში საქართველო-უკრაინის პირდაპირი ურთიერთობები დასრულდება და ის მხოლოდ "რუსეთზე გაივლის".
"უკრაინის ხელისუფლების სათავეში იანუკოვიჩის მოსვლა, რა თქმა უნდა, სერიოზულ გავლენას მოახდენს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე - თუკი ახლა ორ ქვეყანას უშუალო პარტნიორობა და პირდაპირი კავშირი აქვს, იქედან გამომდინარე, რომ იანუკოვიჩი პრორუსულადაა განწყობილი, მომავალში, ალბათ, საქართველო-უკრაინის ურთიერთობა რუსეთის გავლით მოხდება. ვფიქრობ, იანუკოვიჩის ფიგურა ორი ქვეყნის ურთიერთობებში სერიოზულ გავლენას და უარყოფით ცვლილებეს გამოიწვევს", - განუცხადა ხუციშვილმა "ჯი--ეიჩ-ენს".
მეორე მხრივ, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ქართულის მხარის მიერ უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ფსონის იულია ტიმოშენკოზე გაკეთება არასწორი იყო, რადგან "უკრაინა რუსეთზე დამოკიდებული ტიმოშენკოს გაპრეზიდენტების შემთხვევაშიც იქნება".
"ჩემი აზრით, არც ტიმოშენკო იქნება აღნიშნული კუთხით განსხვავებული იანუკოვიჩისგან. თბილისში რატომღაც მიიჩნიეს, რომ არჩევნებზე ტიმოშენკოს გამარჯვება ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა, რის გამოც იანუკოვიჩს ღიად დავუპირისპირდით. თქვენ წარმოიდგინეთ, თუ ტიმოშენკომ გაიმარჯვა, მაშინაც უფრო მეტად იქნება უკრაინა რუსეთზე დამოკიდებული, ვიდრე ბოლო წლებში, ვიქტორ იუშჩენკოს პრეზიდენტობის დროს იყო. ამიტომ იანუკოვიჩი თუ ტიმოშენკო - საქართველოსთვის დიდი განსხვავება არ იქნება", - მიიჩნევს ხუციშვილი.