სს "გუდაურის" მფლობელი ერთ კვირაში დასახელდება, ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გობეჯიშვილმა განუცხადა. გობეჯიშვილის განმარტებით, უკრაინული "პრივატ ჯგუფი" საბოლოო გადაწყვეტილებას, შეიძენს თუ არა სს "გუდაურს", ერთ კვირაში მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ურიანული "პრივატ ჯგუფი" სასტუმრო "გუდაურის" მენეჯმეტში უკვე შესულია.
ამ ფაქტს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ხსნის იმით, რომ ინვესტორის სურვილია, ადგილზე გაეცნოს ვითარებას და დაკვირვების შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, იყიდოს თუ არა სს "გუდაური".
გუდაურის კომპლექსის აქციების 85%-ის 5 მილიონ ევროდ გაყიდვას მთავრობა ჯერ კიდევ 2008 წლის მაისში გეგმავდა. თუმცა მაშინ გაყიდვა ვერ მოხერხდა. მიმდინარე წლის ზაფხულში კი ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ სააქციო საზოგადოება "გუდაური" პრივატიზაციით ებრაული კომპანია იყო დაინტერესებული.
სს "გუდაურის" აქტივებში შედის 4-ვარსკვლავიანი 122-ნომრიანი სასტუმრო "გუდაური", 12 კოტეჯი, 5 საბაგირო გზა, სამთო-სათხილამურო ტრასები, მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები, სპეცტექნიკა. სააქციო საზოგადოება "გუდაურის" აქტივების ღირებულება 35 მილიონი ლარია, კომპანიის აქციების 85% საწარმოების მართვის სააგენტოს ეკუთვნის, 10% - ვითიბი ბანკ ჯორჯიას". პრივატიზაციის პირობების თანახმად, ინვესტორს ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან 30 დღის განმავლობაში კომპლექსის 6 მილიონი ევროს ოდენობის სახელმწიფო ვალი, ასევე ამ თანხის პროცენტები - 582 ათასი ევრო უნდა დაეფარა.