გერმანიის დედაქალაქ ბერლინში სოფლის მეურნეობის პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა "მწვანე კვირეულში" გაიხსნა, სადაც ქართული კომპანიებიც მონაწილეობენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაში მონაწილე ქართული კომპანიები (კორპორაცია "ქინძმარაული", "ტიბანელი", "თელიანი ველი", "ბაგრატიონი", ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია "ელკანა") თავიანთ პრუდუქციას ადგილობრივ მოსახლეობას, ბიზნესმენებს და გერმანიაში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ 400 ათასზე მეტ დამთვალიერებელს წარუდგენენ.
"ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოფენა ქართული კომპანიებისთვის, რადგან მათ ეძლევათ საშუალება, წარუდგინონ თავიანთი ნაწარმი მსოფლიოს ათეულობით ქვეყნიდან ჩასულ ბიზნესმენებს და დამთვალიერებლებს. გარდა ამისა, ეს არის კარგი შესაძლებლობა ახალი ბაზრების მოძიებისთვის", - აცხადებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის და პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი ნოდარ კერესელიძე. გამოფენის ფარგლებში, ბერლინში მინისტერიალიც იმართება, რომელშიც წელს მონაწილეობას 55 ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი იღებს.
"მწვანე კვირეულის" მთავარი მიზანია თანამედროვე სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელი მრეწველობის და მებაღეობის სექტორების განვითარების ხელშეწყობა. ასეთი სახის გამოფენების ჩატარება ქვეყნებს შორის, არაფორმალური კონტაქტების დამყარებასაც შეუწყობს ხელს.