ხვალ, 18 იანვარს, 12:00 საათზე, ბაკურიანში, სასტუმრო `მარკო პოლოში,~ სვანეთის, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტისა და ანაკლიის, როგორც საზღვაო კურორტის დაგეგმარების პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორია ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
პრეზენტაციას დაესწრებიან: საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, მთავრობის სხვა წევრები, ტურიზმის სფეროს, ბიზნეს სექტორის, დონორი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.
მესტიის, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარება და ანაკლიის ზღვისპირა ზოლის განაშენიანება დაგეგმარების სტადიაშია. ზემოთხსენებულ კურორტებს აქვთ განვითარების დიდი პოტენციალი.
2010 წლის განმავლობაში მოხდება საავტომობილო გზის სენაკი-მესტიის მონაკვეთის რეაბილიტაცია, რაც რეგიონებს შორის გეოგრაფიული სიახლოვიდან გამომდინარე შესაძლებლობას მოგვცემს შევქმნათ უნიკალური კომბინირებული საზაფხულო ტურისტული პროდუქტი - დასვენება ზღვაზე და საზაფხულო სრიალი მწვერვალ უშბის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ყოველივე ზემოთხსენებულის განსახორციელებლად დაგეგმილია რიგი სამშენებლო-სარეაბილიტაციო ღონისძიებები, კერძოდ: ანაკლიაში - 4.1 კმ. სანაპირო ზოლის განაშენიანება; მრავალმოდულიანი სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა; თანამედროვე აკვაპარკის, ბარებისა და რესტორნების, სპორტული კომპლექსების, ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის, ბუნებრივი პარკის, ზღვის წყლის ლაგუნა პარკის, თანამედროვე საავტომობილო გზების, სწრაფი კომუნიკაცია ფოთის აეროპორტთან, საავადმყოფოსა და პოლიციის შენობების მშენებლობები.
მესტიაში - 12 თვიანი სათხილამურო კურორტის მოწყობა, უნივერსალური სათხილამურო ტრასები როგორც დამწყებთათვის, ასევე პროფესიონალთათვის, საუკეთესო თოვლის საფარი, მშრალი და ზომიერი ჰავა, 2 ახალი საბაგირო გზის მშენებლობა, ძველი საბაგიროს რეაბილიტაცია, თანამედროვე მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების მშენებლობა, საოჯახო სასტუმრო-სახლების რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება (ახალი სამუშაო ადგილების შექმნა)
პროექტის განხორციელების შედეგად მოსალოდნელი პერსპექტივები კი ასეთია _ მგზავრობა: მესტია - ანაკლია - ახალი საავტომობილო გზის გახსნის შემთხვევაში დაახლოებით 3,5 საათი. მესტია - ფოთი - ფრენა მესტიის აეროპორტიდან დაახლოებით 30 წუთი. ფოთი - ანაკლია - საავტომობილო გზით დაახლოებით 30 წუთი.
დღეისათვის სვანეთის ღამისთევის რესურსი არის 600 საწოლი. 1 წლის განმავლობაში ახალი სასტუმროების მშენებლობისა და საოჯახო სასტუმროების რეკონსტრუქციის ხარჯზე მივაღწევთ 1100-1200 საწოლს; მანქანით მგზავრობა თბილისიდან მესტიამდე შემცირდება 11 საათიდან 8 სათამდე.
მესტიის აეროდრომის 1-კილომეტრიანი ბილიკის რეკონსტრუქციის შემდეგ შესაძლებელი იქნება შეღავათიანი ფასებით საჰაერო მიმოსვლა თბილისი-მესტია-ბათუმსა და თბილისი-მესტია-ფოთს შორის.
იგეგმება უცხოელი ექსპერტების დახმარებით ადგილობრივი მოსახლეობის ადგილობრივი მოსახლეობის ტრენინგები და მათი გადამზადება უცხოეთში დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით.