ხვალ, 5 აპრილს, 20 საათზე, კინოთეატრ ამირანში, გაიმართება 61-ე ბერლინალეს სენსაციად ქცეული დოკუმენტური ფილმის - „ხოდორკოვსკის" სპეციალური ჩვენება. თბილისური პრემიერა ეროვნული კინოცენტრის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. ჩვენებას დაესწრებიან ფილმის რეჟისორი - კირილ ტუში და პროდიუსერი - სიმონე ბაუმანი.
კირილ ტუშის გახმაურებული ფილმი ასახავს დრამას ხოდოკოვსკის ოდისეაზე, როგორ გახდა რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი ქვეყნის ყველაზე ცნობილი პატიმარი. „ხოდორკოვსკი" პირველად 2011 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე პროგრამა „პანორამაში" აჩვენეს. ფესტივალზე ფილმის ჩვენება შეფერხდა, რადგან კინოფირი ორჯერ მოიპარეს, თუმცა საბოლოოდ ჩვენება მაინც შედგა და ნავთობის მაგნატის ისტორიის კინოვერსიას სრული ანშლაგი მოჰყვა. იუკოსის ნავთობის ყოფილი მფლობელი უკვე წლებია პუტინის პოლიტიკის მსხვერპლი და რუსეთის ნომერ პირველი პატიმარია. სკანდალური ფილმი ოლიგარქის შესახებ რუსეთის პოლიტიკური ელიტისთვის ერთ-ერთი
ყველაზე არასასურველი კინოსურათია, რაც კი ბოლო დროს შექმნილა.