18-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე იტალია 20:18 დაამარცხა და მადრიდში მიმდინარე 8-გუნდიან ტურნირზე მეხუთე ადგილისთვის თამაშში შოტლანდიას შეხვდება.
იტალიასთან მატჩი უკიდურესად დაძაბული გამოდგა და დრამატული ფინალი ჰქონდა.
ქართველმა მორაგბეებმა შეცდომებით დაიწყეს და საწყის 20 წუთში ორი ლელო გაუშვეს, რის შემდეგაც 0:12 ჩამორჩნენ ანგარიშში, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს ერთი ლელო დადეს, შემდეგ კი საჯარიმო დარტყმაც ზუსტად შეასრულეს და შესვენებაზე 10:12 ჩამორჩენით გავიდნენ.
ქართველი მორაგბეებისთვის მძიმედ დაიწყო მეორე ტაიმიც. მსაჯმა ერთმანეთის მიყოლებით სამი ქართველი მორკინალი 10-10 წუთით გაასინბინა და იტალია ორი საჯარიმოს გატანის შემდეგ 18:10 დაწინაურდა.
ქართველებმა დიდი ძალისხმევის ფასად შეძლეს მეტოქისთვის გამარჯვების ხელიდან წართმევა. ახლოს იყვნენ ლელოსთან, თუმც მეტოქის დაჯარიმების შემდეგ საჯარიმოს დარტყმა არჩიეს, ანგარიში 13:18 შეამცირეს და ძალა ბოლო წუთებისთვის შემოინახეს. ბოლო წუთები ძალზე დაძაბული გამოდგა, საბოლოოდ იტალია გატყდა და ლელო გაუშვა. 18:18 ანგარიშზე საქართველოს ნაკრებმა გარდასახვაც გაიტანა და თამაშიც იქვე დასრულდა.
ამგვარად, ილია მაისურაძის გუნდი მეხუთე ადგილისთვის შოტლანდიას შეხვდება, რომელმაც 32:12 დაამარცხა პორტუგალია.
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში კი ერთმანეთს ხვდებიან ინგლისი-უელსი და საფრანგეთი ირლანდია. ტურნირის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა 8:58 დათმო ინგლისთან.