2009 წლის განმავლობაში დასვენების საშუალო დანახარჯებმა კვებით 271 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი. კვლევის თანახმად, დასვენებისას საშუალო დანახარჯი, კვების გარეშე, 67 ლარით განისაზღვრა. იმავდროულად, კვება (სახლში, რესტორანში, კაფეში, ბარში) 130 ლარად, შოპინგი - 13 ლარად, კულტურულ-გასართობი ღონისძიებები (კონცერტი, კინო, თეატრი, დისკოთეკა) _ 10 ლარად, შიდა ტრანსპორტი _ 6 ლარად, ექსტრემალური გართობა და სპორტული ღონისძიებები (სკუტერი, თხილამურები) 4 ლარადაა შეფასებული.
მოგზაურობისას ყველაზე გავრცელებული სატრანსპორტო საშუალება ავტომობილია (50%), რომელიც ასევე ფართოდ გამოიყენება დასვენების დროს გადაადგილებისას (31,3%). სამარშრუტო ტაქსით მგზავრობას საკმაოდ პოპულარულია რესპონდენტებს შორის (26,3 %); ავტობუსი და მატარებლით მგზავრობის დაახლოებით თანაბარი მაჩვენებელია (10%).
შიდა ტურიზმის მარკეტინგული კვლევა ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით სოციოლოგიური კვლევის ჯგუფმა "ბი-სი-ჯიმ" ჩაატარა. გაირკვა, რა ტიპის ტურებს ანიჭებს უპირატესობას ქართველო ტურისტი და რა ტიპის ტურისტული პაკეტების შემუშავებაა სამომავლოდ საჭირო.
ტურიზმის დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ შიდა ტურიზმის მასშტაბურ კვლევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რათა მათ სწორად წარმართონ თავიანთი მარკეტინგული სტრატეგია.
კვლევა 2009 წლის 4 ნოემბრიდან 16 დეკემბრამდე (6 კვირას) თბილისის მასშტაბით მიმდინარეობდა და მთლიანობაში 3382 რესპონდენტი გამოიკითხა.