2010 წლისთვის საწარმოთა მართვის სააგენტოს ბალანსზე რიცხული საწარმოთა საერთო რაოდენობა 500 საწარმოთი შემცირდება. ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიკური განვითარების სამინისტროდან აცნობეს. შემცირება საწარმოთა ლიკვიდაციის, პრივატიზაციის ან რამოდენიმე საწარმოს შერწყმის ხარჯზე განხორციელდება.
2010 წლის ბოლომდე საწარმოთა მართვის სააგენტო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა მონაცემთა ბაზის შექმნას გეგმავს.
დღეის მდგომარეობით, საწარმოთა მართვის სააგენტოს ბალანსზე 1359 საწარმო ირიცხება, საიდანაც 42 საწარმოს (თითოეულის) წლიური შემოსავალი 1 მლნ. ლარს აღემატება. 218 საწარმოს (თითოეულის) შემოსავალი კი 100 ათასიდან 1 მლნ ლარამდეა.
გასული წლის ფინანსური მაჩვენებლებით, საწარმოთა მართვის სააგენტოს ბალანსზე რიცხული საწარმოებიდან მხოლოდ 327 საწარმო აღმოჩნდა მომგებიანი. 2009 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით, დივიდენდების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია 40 მილიონ 690 ათასი ლარი, ნაცვლად გეგმური 40 მილიონი ლარისა.
2009 წლის მდგომარეობით ყევლაზე წარმატებული კომპანიები მხოლოდ "საქართველოს რკინიგზა", "ელეტქროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი", "თბილისის საერთაშორისო აეროპორტი" და "ელმავალმშენებელი" აღმოჩნდნენ.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საწარმოთა მართვის სააგენტოს ბალანსზე რიცხული საწარმოებიდან 36 საწარმო ლიკვიდაციის რეჟიმში იმყოფება, ხოლო 14 საწარმოს ლიკვიდაციის პროცესი უკვე დასრულებულია. გაკოტრების საქმე გახსნილია 46 ორგანიზაციაში.