2009 წლის განმავლობაში აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ორი ობიექტი დააჯარიმა, საიდანაც ბიუჯეტში დამატებით 28 ათას 547 ლარი შევიდა.
ინვესტორის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის სამინისტრომ საერთო ჯამში 27 ათას 213 ლარით დააჯარიმა შპს "BATMI CITY", რომელმაც პირობებით გამოცხადებული აუქციონის ფორმით ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე შენობა ნაგებობა საერთო ფართით 2954 კვმ.Dდა მასზე დამაგრებული 23 237 კვმ. მიწის ფართი შეიძინა.
იმავდროულად კომპანიამ აიღო ვალდებულება, შსს აჭარის შს მთავარი სამმართველოს და საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული 28 ერთეული შენობის რეაბილიტაცია და კაპიტალური რემონტი განეხორციელებინა. შეთანხმების თანახმად, შპს "BATMI CITY" ვადლებული იყო საკუთარი 7 მლნ. 793 ათას 20 ლარის სარემონტო სამუშაო ეწარმოებინა, თუმცა კომპანიამ სარემონტო სამუშაო გააჭიანურა და ვალდებულებების დარღვევისთვის დააჯარიმდა.
პირობების შესრულებლობის გამო დაჯარიმდა ასევე კომპანია "იმერი", რომელმაც ქედაში, 9 აპრილის ქ. #9-ში მდებარე შენობა-ნაგებობა 1995,8 კვმ და მასზე მიმაგრებული 6558 კვმ მიწის ნაკვეთი (ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხანა) პირობებიან აუქციონზე შეიძინა. პირობების ტანახმად, "იმერი" ვალდებული იყო 1 წელიწადში აგრარული პროფილის საწარმო შეექმნა და არანაკლებ 100 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია განეხორციელებინა. ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის შპს "იმერს" 1 ათასი 334 ლარის ჯარიმის გადახდა მოუხდა.
ცნობილი ხდება ისიც, რომ კომპანიას ჯარიმა ნასყიდობის თანხის გადაუხდელობის გამო ერიცხებოდა. ნასყიდობის თანხის დათქმულ ვადაში და დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობის გამო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შპს "იმერთან" ხელშეკრულების გაწყვეტის პროცედურები დაიწყო.