ბუნებრივი რესურსების ლიცენზიების გასხვისების შემდეგ ინვესტორის მიერ აღებული ვალდებულებები 30 მლნ 582 ათას 140 ლარს შეადგენს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიკური განვითარების სამინისტროდან აცნობეს, 2010 წელს აღებული ვალდებულებების მოცულობა 13 მლნ. 258 ათას 960 ლარს შეადგენს, ხოლო 2011 წლისთვის აღებული ვალდებულებები 17 მლნ. 323 ათას 180 ლარითაა განსაზღვრული.
2009 წელს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიების საფასურიდან მიღებულმა შემოსავალმა 37 მლნ. 999 ათას 890 ლარი შეადგინა. წლის განმავლობაში 42 აუქციონი გაიმართა, სადაც 350 ლიცენზია გასხვისდა. გასულ წელს ყველაზე ძვირად "ბორჯომის" მინერალური წლის მოპოვების ლიცენზია გაიყიდა, რომლის ფასმაც 8 მლნ. 200 ათასი დოლარი შეადგინა. ძვირად გაიყიდა ასევე ბაბაკიარის საცემენტე კირქვის საბადოზე საცემენტე კირქვის მოპოვების ლიცენზია, რაშიც ინვესტორმა 3,3 მლნ დოლარი გადაიხადა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ჯგუფ "სახეს" წევრსა და კომპოზიტორ დათო ფორჩხიძეს 14 ათას დოლარად პეკინის გამზირზე 137 კვ/მ ფართი მიეყიდა. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიკური განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ფორჩხიძე აღნიშნულ ფართში თავის მუსიკალურ სტუდიას განათავსებს. ფორჩხიძემ აიღო ვალდებულება, რომ სტუდიის მშენებლობისთვის 35 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს და სტუდიაში 4 ადამიანს დაასაქმებს.