უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა, რეგიონების პარტიის ლიდერმა ვიქტორ იანუკოვიჩმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შესთავაზა გაიწვიოს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე გაგზავნილი ქართველი დამკვირვებლები.
"დაუშვებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში რომელიღაც უცხო სახელმწიფო ერეოდეს ჩვენს შიდა საქმეებში და მე მინდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ მან გაიწვიოს თავისი ე.წ. დამკვირვებლები. ისინი აქ საჭირონი არ არიან და ჩვენ მათ გარეშე გავერკვევით", - განუცხადა ჟურნალისტებს იანუკოვიჩმა კიევის საარჩევნო უბანში.
ამავდროულად, იანუკოვიჩმა მიმართა უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იუშჩენკოს, შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალი და დაიცვას ამომრჩეველთა უფლებები, უკრაინის კონსიტუცია, "რათა ჩვენმა ამომრჩევლებმა იგრძნონ, რომ ქვეყანაში თუნდაც არჩევნების დღეს არის წესრიგი".