საქართველოს 379 მოქალაქე დონეცკში საპრეზიდენტო არჩევნებზე მეთვალყურის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე იმყოფება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქალაქის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ლუკიანჩენკომ განუცხადა.
დონეცკის საქალაქო საბჭოს მდივნის ნიკოლაი ლევჩენკოს განცხადებით, 14 იანვარს დონეცკში ჩარტერული რეისით 152 ადამიანი ჩავიდა, ხოლო პარასკევს, კიდევ ერთი ჩარტერული რეისით _ 145 ადამიანი.
"ყველა მათგანი 25-დან დან 45 წლამდე სპორტული აღნაგობის მამაკაცია. ამ დროისათვის ჩვენ არ გაგავაჩნია ამ ადამიანების სია, თუმცა საქალაქო საბჭო შიშობს, რომ ისინი არჩევნების ჩაშლის მიზნით ჩამოვიდნენ", _ განაცხადა ლევჩენკომ.
ლევჩენკოს განცხადებით, 15 იანვარს დონეცკში ჩასულ ერთ-ერთ ქართველს საბაჟო სამსახურმა აღმოუჩინა საქაღალდე ყველა საუბნო კომისიის და იულია ტიმოშენკოს შტაბის მისამართებით.
ქალაქის ხელმძღვანელის ლუკიანჩენკოს განცხადებით, დონეცკში ამ რაოდენობით უცხოელი მოქალაქეების გამოჩენა "უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას საშიშროებას უქმნის. ეს შეიძლება განხილულ იქნას როგორც უცხო სახელმწიფოს ჩარევა შიდა საქმეებში".
ლევჩენკოს მტკიცებით, მას აქვს მონაცემები, რომ დონეცკში ჩასულ ქართველებს შორის არიან ის პირები, "რომლებიც 2007 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, დონეცკის 41-ე ოლქის საარჩევნო ოლქში მოწყობილ პროვოკაციებში მონაწილეობდნენ".
დონეცკის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, 140 ქართველი სასტუმრო "დრუჟბაში", 110 ოტელ "შახტიორში", 90 სასტუმრო "ატლასში", 20 სასტუმრო "ნადეჟდაში" ცხოვრობს.
ასევე ქართველი მოქალაქეებისათვის სასტუმრო "შახტიორში" დაჯავშნულია 180 ადგილი ხოლო სასტუიმრო "ცენტრალში" 54 ადგილი.
ხელისუფლებას გააჩნია ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეებს თუ დამკვირვებლებად არ დაარეგისტრიერებენ მათზე გასცემენ გაზეთ "ვეჩერნიე ვესტის" კორესპოდენტების მოწმობებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, ასეთი დამადასტურებელი მოწმობები საარჩევნო უბნებზე ყოფნისთვის არასაკმარისია, რადგანაც "ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან და მათ უკრაინაში მუშაობის ნებართვა უნდა ჰქონდეთ ".