შემოსავლების სამსახური საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადაკეთების შემდეგ აქ მომუშავე პირები სამსახურში აყვანილნი იქნებიან საჯარო მოხელეების აყვანის პრინციპით.
ამის შესახებ მთავრობის გადაწყვეტიელბა დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა აღნიშნული საკითხის პირველი მოსმენით განხილვისას გააკეთა.
აღსანიშნავია რომ ეს საკითხი იყო პარლამენტის ერთ-ერთი ძირითადი შენიშვნაა, ვინაიდან საერთაშორისო რეკომენდაციებით სახელმწიფო სამსახურში პირების აყვანა უნდა ხდებოდეს კონკურსის წესით. საჯარო სამართლის იურიდიული პირის პირობები კი ამას არ ითვალისწინებს.
როგორც გია ხუროშვილმა განაცხადა, გუშინ პარლამენტის წარმომადგენლებთან გაიმართა სამუშაო შეხვედრა და გადაწყდა რომ შემოსავლების სამსახური იქნება განსხვავებული ტიპის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ეროვნული ბანკის მსგავსად და აღნიშნული საკითხი დარეგულირდება საჯარო სამსახურის პრინციპებით.
რაც შეეხება მეორე სადაო საკითხს, რომელიც უკავშირდებოდა ბროკერებისათვის საბაჟო დეკლარაციის უფლების ჩამორთმევას, როგორც გია ხუროშვილმა აღნიშნა, მთავრობა თანახმაა რომ ეს პრინციპი მთლიანად ამოღებული იქნას და შესაბამისად ბროკერებს ეს უფლება არ ჩამოერთმევათ.
აღნიშნული ცვლილება კანონპროექტში უკვე შესულია, თუმცა არსებობს ჩანაწერი, რომ შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილებას რომელიც ითვალისწინებს საბაჟო დეკლარაციის შევსებას, წარდგენას, რეგისტრაციას და დეკლარაციის შემოწმებას, დარეგულირდება მთავრობის დადგენილებით. ამის გამო ოპოზიცია ეჭვობს, რომ შესაძლოა ბროკერებს ეს უფლება არა კანონით არამედ მთავრობის დადგენილებით ჩამოართვან.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი აღნიშნავს, "მთავარი საკითხი პრინციპების დონეზე შეთანხმებულია, დანარჩენი საკითხები კი მეორე მოსმენისტვის დაზუსტდება".
კუბლაშვილი აუცილებელ პირობას მიიჩნევს, იმას, რომ თუ შესაძლებელი იქნება მომსახურეობის სფეროში აღნიშნული სამსახურის საქმიანობა დარეგულირდეს ახალი წესით, რაც შეეხება კონტროლს, ამაზე არსებული პრინციპი იქნას შენარჩუნებული.